კვირაზე მეტია პოლონეთში 26 წლის ქართველს ეძებენ. დიტო ხელხელაური თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლიდან არის და ვარშავაში სამუშაოდ 4 წლის წინ გაემგზავრა.ოჯახის წევრების თქმით, მას თან არ ჰქონდა არც პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არც პირადი ნივთები.
ოჯახისთვის გაუგებარია რას შეიძლება უკავშირდებოდეს დიტო ხელხელაურის გაუჩინარება. დედის თქმით, მას არავისთან არ ჰქონია პრობლემა. ის ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ ქართველი ახალგაზრდის გაუჩინარება მის პოლონელ მეგობარ გოგონას უკავშირდება.
"ბოლოს ველაპარაკე ხუთშაბათს. ყოველდღე ველაპარაკებოდი, აბსოლუტურად ყველაფერს მიყვებოდა არ იყო ჩაკეტილი. მეორე დღეს ვურეკავდი და არ მიპასუხა. მომწერა, ცოტა ხანში დაგირეკავო. კარგი მეთქი ვუთხარი,წაიკითხა მესიჯი, მაგრამ არ მოუწერია. გოგოზე წერენ, აბსოლუტურად სისულელეა, იმ გოგოს ერთი წლის წინ დაშორდა. პოლონელ მეგობარს ველაპარაკე, გვერდით ცხოვრობს, მითხრა, რომ შაბათ დილით ჩვენ მაღაზიაში წავედითო, როცა გამოვედით მაღაზიიდან მანქანა გაჩერდა, დიტო ჩაჯდა და წავიდაო", - ამბობს დიტო ხელხელაურის დედა მაია ოჩიაური.
მისი თქმით, როდესაც დიტოს მეგობარს მანქანის მარკისა და სხვა დეტალების შესახებ ეკითხებიან არ პასუხობს და ეუბნება, რომ პოლიციას მიმართონ.
ერთი ვერსიით, დიტო ხელხელაურს ემუქრებოდა, მისი თანამშრომელი, თუმცა ოჯახის წევრებისთვის უცნობია თუ რა შეიძლება ყოფილიყო მუქარის მიზეზი. ისინი ასევე გამორიცხავენ ვერსიას თვითმკვლელობის შესახებ.
ვარშავაში გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა დიტო ხელხელაურის საცხოვრებელი სახლიდან კომპიუტერი და პირადი ნივთები ამოიღეს.