ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც ქალზე ძალადობის ბრალდებით, საპატიმროში სამი თვეა იმყოფება, ციხიდან ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ამბობს, რომ თუკი ის თავისით არ წავა, მას გაგდება და ქონების დათმობა მოუწევს.
წულაიას თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება უნდა დამთავრდეს და ქვეყანაში კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს.
"უნდა დამთავრდეს ეს ხელისუფლება და თუ გვინდა, რომ ქვეყანა გადარჩეს კოალიციური მთავრობა უნდა მოვიდეს.
ბიძინა ივანიშვილს ვეტყვი, გაქვს საკმარისი ფული, ხარ იმ ასაკში, რომ შეხედე ევროპელ პენსიონერებს, დადიან მსოფლიოს ათვალიერებენ, გაქვს ეგ ფული, წადი ინდონეზია ნახე, წადი ეგვიპტის პირამიდები ნახე, წადი რა წადი, წადი და ვსიო წადი. გაგვანებე თავი შეგვეშვი და მადლობელი დავრჩებით, თორემ მოგიწევს გაგდება, მოგიწევს ქონებების დათმობა",- ამბობს წულაია "მთავართან" სატელეფონო კომენტარის დროს.
გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.