"გავერთიანდეთ ზაზა გახელაძის და მისი ოჯახის მხარდასაჭერად" - საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში დატყვევებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერი აქცია ჩაინიშნა.
აქცია 23 ივნისს, 12:30 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვემო ჭალაში, სკოლასთან გაიმართება. წასვლის მსურველები კი 11:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.
"23 ივნისი, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული, ზაზა გახელაძის დაბადების დღეა. ის 2020 წლის 11 ივლისს დააკავეს და უკანონოდ მიუსაჯეს 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა. მას შემდეგ, ერთი წელია ოჯახი უშედეგოდ ელოდება ზაზას გათავისუფლებას, ამიტომ გადაწყვიტეს, სწორედ მის დაბადების დღეზე დაიწყონ საპროტესტო აქციები.23 ივნისს გახელაძეების ოჯახთან ერთად, სოფელ ქვემო ჭალის და მის გარშემო რამდენიმე სოფლის მაცხოვრებლები გამართავენ აქციას. მათ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერის იმედი აქვთ", - წერენ აქციის ორგანიზატორები.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "დროაა".
ცნობისთვის, ზაზა გახელაძე 2020 წლის ივლისში, რუსმა ოკუპანტებმა, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან, სოფელ ქვემო ჭალაში ჯერ ფეხში დაჭრეს, შემდეგ კი გაიტაცეს. 5 თებერვალს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ მას 12,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.