ზაზა გახელაძის მამა, მიშა გახელაძე პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ღარიბაშვილმა საკუთარი დაპირება, რომ მისი შვილი სახლში 31 მაისამდე დაბრუნდებოდა უკან წაიღო. ერთი თვის შემდეგ მან ოჯახს ურჩია, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა არ გადავიდნენ.
"მაინტერესებდა რას მეტყოდა, ჩავედი ღარიბაშვილთან, რადგან დაგვპირდით, რომ 2 კვირაში ზაზა უნდა გამოსულიყო და ვერ გამოიყვანეთ-მეთქი, თქვენ სხვანაირად გაიგეთო, ალბათ, ეს სიტყვა ეგრე არ მითქვიაო. კონკრეტული არაფერი არ გვითხრა... გვირჩია არ გადავსულიყავით, წამოსვლისას ვუთხარი რახან ვთქვი, მაინც უნდა გადავიდე.
1 წელი ჰქონდათ დრო, რომ რამე გაეკეთებინათ, ამ 1 წლის განმავლობაში ვერაფერი გააკეთეს და მე რაც ვთქვი, გავაკეთებ მაგას",- ამბობს ზაზა გახელაძის მამა.
გახელაძეები ამბობენ, რომ ხელისუფელბის დაპირებების აღარ სჯერათ და იმ გეგმას მიჰყვებიან, რომლიც დაისახეს.
"ყოველი ჩვენი დაგეგმილი შეხვედრის დროს კიდევ ერთ იმედს, ერთ მოლოდინს გვიჩენენ, რომ უკან დავიხიოთ და საპროტესტო აქციებით არ გამოვიდეთ გარეთ. არამარტო მამამთლი იყო, ვიყავი მეც, დედაც, კიდევ ერთი ნათესავი თუ მამამთილს შეეშალა ეს ვადა, 31 მაისი, ჩვენც ხომ არ შეგვეშალა?!",- ამბობს ზაზა გახელაძის ცოლი.
გახელაძის ოჯახი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ არაფერი არ იცვლება და დაანონსებული საპროტესტო აქცია ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ სოფელ ქვემო-ჭალაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ შეძლო.