გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სარჩელის პროცესი უკვე დაწყებულია. არასამთავრობო ორგანიზაციები სამშობლოში უცხოეთში წასული ქართველების დაბრუნებას ელოდებიან. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 3 მათგანი უკვე საქართველოშია და საკარანტინე სივრცეში იმყოფება. 10 დაზარალებული კი კვლავ გერმანიაში რჩება. მათ სამსახური უკვე დატოვეს, თუმცა თავშესაფრის მოსაძებნად არც დასაქმების სააგენტო და არც საკონსულო არ დახმარებიათ. გერმანიაში დროებით დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები ამჟამად გერმანიაში ერთ-ერთი ემიგრანტის სახლში ცხოვრობენ.
უფლებადამცველები თვლიან, რომ ამ ადამიანების წინაშე პასუხისმგებელი სწორედ სახელმწიფოა, რადგან საქართველოს მთავრობა დადგა იმის გარანტად, რომ ევროპაში სეზონური დასაქმება ღირსეული იქნებოდა.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, როდესაც ეს ადამიანები ჩამოვლენ, გავივლით, დავიგეგმებით, რა მიზნები და ამოცანები გვექნება, თუმცა ერთი ფაქტია, რომ ამ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ამ ადამიანების ღირსეული შრომის პირობები.
ცალსახად შეიძლება შეფასდეს, რომ ეს ქმედება არის სტატისტიკისთვის, თითქოს სახელმწიფომ საზღვარგარეთ დაასაქმა ადამიანები, თუმცა შედეგობრივად სახელმწიფოს მხრიდან ამ ქმედებას ღირებულება არ ჰქონია.
სააგენტომ არ დაიცვა ეს ადამიანები საზღვარგარეთ, თუნდაც კანონდამრღვევი დამსაქმებლისგან და არამარტო სააგენტო, მთელი მთავრობა პასუხისმგებელია ამასთან დაკავშირებით", - თქვა დავით ომსარაშვილმა.
გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები სამუშაო ადგილებს პროტესტის ნიშნად ტოვებენ და საქართველოს ხელისუფლებას სასამართლოში უჩივიან. იმედგაცრუებული მოქალაქეები ამბობენ, რომ დასაქმების სააგენტომ ისინი მოატყუა, შეუცვალა სამუშაო პირობები და გარკვეული პერიოდი საერთოდ ანაზღაურების გარეშე დატოვა.