ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ამბობს, რომ მთავრობასთან შეხვედრების იმედი აღარ აქვთ. ახლა ისინი მხოლოდ პატრიარქის მხრიდან გაგზავნილი წერილზე გამოხმაურებას ელოდებიან.
გახელაძის ცოლი, ირმა ბუთხუზი ამბობს, რომ მთავრობა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად შესაბამის ნაბიჯებს არ დგამს.
"ამ შეხვედრების იმედი განულდა. ერთადერთი იმედი არის დარჩენილი, რომელიც არის პატრიარქის წერილი, რომლის პასუხსაც ველოდებით.
ჩემი აზრით, მთავრობა არ დგამს იმ ნაბიჯებს, რაც უნდა გადადგას. თუნდაც ამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ფატორი არსებობდა, რომ რაღაც შეცვლილიყო ჩვენთვის და თავისუფლება ყოფილიყო, რასაც ოჯახი ერთადერთს ვითხოვთ.
რუსეთი რატომღაც ახლა ვალდებულებას იხსნის და ვალდებულებას ოსეთს აკისრებს, მაგრამ ვფიქრობ, ისევ რუსეთმა უნდა გადაწყვიტოს ყველაფერი",- თქვა ირმა ბუთხუზმა.
ზაზა გახელაძის გათავისუფლების თხოვნით, ილია II-მ რუსეთის პატრიარქს წერილი მისწერა.
ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში რჩება, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ მას 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ხელისუფლებამ დაპირებების მიუხედავად, ზაზა გახელაძის გათავისუფლება ვერ შეძლო.