"თბილისი პრაიდის" მიერ დაორგანიზებული პირველი ღონისძიების ჩატარებამდე 4 საათზე ნაკლები რჩება - დღეს ორგანიზატორებს დახურული კინოჩვენება აქვთ დაგეგმილი, რომელსაც 400-მდე სტუმარი, მათ შორის დასავლელი დიპლომატები დაესწრებიან.
"თბილისი პრაიდის" ხელმძღვანელი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ პრაიდის მონაწილეებს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გარანტია აქვთ, რომ ღონისძიებაზე მათი უფლებები დაცული იქნება.
თაბაგარის თქმით, რადიკალურმა დაჯგუფებებმა იციან, თუ სად ტარდება ღონისძიება და ისინი ორგანიზდებიან, რომ პრაიდის ჩატარებას ხელი შეუშალონ.
"სამწუხაროდ, რადიკალურმა დაჯგუფებებმა იციან, სად ტარდება ღონისძიება. ისინი ორგანიზდებიან, რომ ხელი შეგვიშალონ, თუმცა ჩვენ გარანტიები გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, რომ ჩვენ ღონისძიებაზე ადამიანის უსაფრთხოებას პრობლემა არ შეექმნება",- თქვა გიორგი თაბაგარმა.
თაბაგარი ასევე ამბობს, ღონისძიებას პარტნიორი ორგანიზაციები და საელჩოების წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისი პრაიდის კვირეული დღეს, 1-ლი ივლისიდან დაიწყო, 5 ივლისს კი დაგეგმილია "ღირსების მარში". ამავე თემაზე: