მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ დღეს დაგეგმილი ღონისძიება უსაფრთხოდ ჩატარდეს - შსს პრაიდს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 1 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით ისინი ღონისძიების ორგანიზატორებთან მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან.

უწყების ინფორმაციით, ორგანიზატორებთან შეხვედრა დღესაც გაიმართა და საუბარი კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებსაც შეეხო.

"1 ივლისს დაგეგმილ ღონისძიების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან ღონისძიების ორგანიზატორებთან. ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით სამუშაო შეხვედრა გაიმართა დღეს დილითაც, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დღევანდელი ღონისძიების გარდა საუბარი იყო კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი სხვა ღონისძიებების შესახებაც.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას 1 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები, ასევე, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში და სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი", - წერია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისი პრაიდს კინოჩვენება აქვს დაგეგმილი, როგორც ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რადიკალურმა ჯგუფებმა ღონისძიების ჩატარების ადგილი იციან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი