"თბილის პრაიდის" ორგანიზატორები, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო აქტივისტები, გუშინ მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ. ისინი მმართველ პარტიას, მოძალადე ჯგუფებთან კავშირში ადანაშაულებენ.
პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი ანა სუბელიანი ამბობს, რომ პრემირმა ღარიბაშვილმა ძალადობის ფაქტზე პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს და გადადგეს.
"დღეს უკვე დგას უშუალოდ სახელმწიფოს წარმომადგენლების საკითხი, მათ უნდა მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი და ასევე შს მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, რომელსაც მე ვხვდებოდი, ეს ყველა ადამიანი უნდა გადადგეს",- ამბობს ანა სუბელიანი.
ცნობისთვის, 5 ივლისს პრაიდის კვირეული თბილისში ღირსების მარშით უნდა დამთავრებულიყო. დილიდან რუსთაველზე შეკრებილმა ძალადობრივმა და ჰომოფობიურმა ჯგუფებმა დაარბიეს პარლამენტის წინ ოპოზიციის მხარდამჭერების კარვები, სცადეს "სირცხვილიას" ოფისში შეჭრა, შეიჭრნენ და დაარბიეს "თბილისი პრაიდის" ოფისი. ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქცია საპატრიარქოს ჰქონდა დაგეგმილი, პოლიცია კი ვერ ახერხებდა მშვიდობიანი მოქალაქეების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დაცვას.
დღის მანძილზე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რამდენიმე ამ დრომდე სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში რჩება. შსს-მ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ადმინისტრაციული წესით მხოლოდ 8 პირია დაკავებული. 6 ივლისს კი მედიაზე თავდასხმის გამო დამატებით 3 პირი დააკავა.