მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, შსს-მ არ მოგვაწოდა ინფორმაცია დაკავების, მისი საფუძვლებისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ -სოციალური სამართლიანობის ცენტრი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"დღეს დილიდან სახალხო დამცველის აპარატის დახმარებით გავიგეთ, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის N2 დროებითი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. ჩვენი ადვოკატები დაუყოვნებლივ შეხვდნენ ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილს იზოლატორში. შეხვედრისას ბატონმა მალხაზ მაჩალიკაშვილმა განმარტა, რომ, რამდენად მისთვის ცნობილია, ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით არის დაკავებული. მაჩალიკაშვილის თქმით, გუშინ ღამით იგეგმებოდა მისი ხელწერილით გათავისუფლება, თუმცა პოლიციამ ეს დაპირება მოგვიანებით რატომღაც შეცვალა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ის იმყოფებოდა ჩიტაძის ქუჩის ჩამოსასვლელთან, პოლიციის მიერ აღმართულ ჯებირებს მიღმა, აქციის ტერიტორიაზე. მას შემდეგ, რაც რკინის ჯებირების მეორე მხარეს მყოფმა ძალადობრივი დაჯგუფების წევრებმა მისი იდენტიფიცირება მოახდინეს, დაიწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ცდილობდნენ ჯებირების გარღვევას მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. როგორც მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, ამ დროს მასთან გამოჩნდა პოლიცია და იფიქრა, რომ სამართალდამცავები საფრთხის შემცველი გარემოდან განრიდებას ცდილობდნენ. ამ პირობებში ცხადია, მას არანაირი წინააღმდეგობას პოლიციისთვის არ გაუწევია. მხოლოდ მოგვიანებით მან აღმოაჩინა, რომ პოლიციამ ის დაუსაბუთებლად დააკავა",- წერია "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" განცხადებაში.
"სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ცნობით, ამ დრომდე მათ ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცეს. თუმცა, როგორც განუმარტეს, დღესვე სასამართლო პროცესი გაიმართება და ორგანიზაციას მათი გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა.
ცნობისთვის, გუშინ, 6 ივლისს მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტთან მიმდინარე ჟურნალისტების სოლიდარობის აქციაზე დააკავეს. მაჩალიკაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია