"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი" გიორგი რუხაძე ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან ისეთი კრიტიკული განცხადებებისა და მოწოდებების შემდეგ, როგორიც ბოლო დღეებში ისმის, მხოლოდ სასჯელი რჩება. მისი თქმით, თუ ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების დარწმუნებას ვერ შეძლებს სანქციები სერიოზულად გვემუქრება.
"ეს შეშფოთება აღარ არის, ეს არის უკვე სიგნალი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წითელი ხაზი გადაკვეთა და ამის იქით იქნება მხოლოდ სასჯელი. აქვს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ დარჩენილი ძალიან ცოტა დრო და შანსი, რომ დაარწმუნოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომ ისინი მთლიანად ლიანდაგიდან არ გადავიდნენ და არ გადაიყოლეს ქვეყანა, სხვა შემთვევაში ჩვენ სერიოზულად გვემუქრება სანქციები" - თქვა გიორგი რუხაძემ.
მისივე თქმით, ამან ქართულ-ამერიკული და ქართულ-ევროპული ურთიერთობები შეიძლება იმ დონეზე დააზიანოს, რომ აღდგენას დიდი დრო დასჭირდეს.
შეგახსენებთ, რომ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ბოლო დღეების განმავლობაში ხელისუფლებას 5-6 ივლისის მოვლენების გამო აკრიტიკებენ. ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებმა შს მინისტრის სახელზე წერილი გამოაქვეყნეს, ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ჟურნალისტების და აქტივისტების საკმარისი დაცვა არ უზრუნველყო და მთავრობას მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ მიიღონ შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი კი სანქციებზე ალაპარაკდა, პრესსპიკერმა ნედ პრაისმა თქვა, რომ ვითარებას თვალს ყურადღებით ადევნებენ.
გარდა 5-6 ივლისის მოვლენებისა პარტნიორებისგან კრიტიკა ისმის 12 ივლისს, პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის უვადოდ დანიშვნის გამო. სახელმწიფო დეპარტამენტიც და ევროკავშირიც ამას 19 აპრილის შეთანხმების დარღვევად აფასებს და ხელისუფლებას მოუწოდებს შეაჩეროს მოსამართლეთა დანიშვნა. ევროკავშირი ამბობს, რომ ამან შესაძლოა მიკრო-საფინანსო დახმარების მიღებაზე უარყოფითად იმოქმედოს.