ფინანსური დახმარების გამოყოფაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს - ევროკომისია მოსამართლეთა დანიშვნაზე

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის პრეს-სპიკერი 12 ივლისს, პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს რომ ეს 19 აპრილის შეთანხმების საკავნძო დებულებებს ეწინააღმდეგება. მათივე შეფასებით, ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ პარლამენტმა მოსამართლეებს მხარი დაუჭია მიუხედავად ევროკავშირის მოწოდებისა მომხდარიყო დანიშვნის პროცესში პაუზის გაკეთება და ამ პროცესის გადახედვა, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.

ევროკომისიის პრეს-სპიკერი აცხადებს, რომ ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფაზე.

"დანიშვნები ეწინააღმდეგება 19 აპრილის შეთანხმების საკვანძო დებულებებს, რომელთა თანახმად უნდა გაკეთდეს პაუზა ყველა მიმდინარე დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულად შესრულდეს ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია და ზოგადად გაიზარდოს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი ფართომასშტაბიანი, ინკლუზიური და ყველა პარტიის მონაწილეობით შემუშავებული რეფორმის პროცესში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის დაწყებამდე მათი შერჩევის პროცესის გადახედვა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ასევე არის საქართველოსთვის ევროკავშირის მოქმედი პროგრამით გათვალისწინებული მაკრო-ფინანსური დახმარების მეორე ტრანშის გამოყოფის შეთანხმებული წინაპირობა, რომელზეც ამ ნაბიჯმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

ამიტომ ეს კენჭისყრა საქართველოს ხელისუფლებისთვის არის დაკარგული შესაძლებლობა სასამართლო სისტემის ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რეფორმის მიმართ თავისი ერთგულების დამტკიცებისთვის. ეს მოვლენები სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საზოგადოების ნდობისთვის ზიანის მიყენების საფრთხის შემცველია", - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ღიაა შემდგომი მოლაპარაკებებისთვის უმაღლეს დონეზე, რათა განიხილოს სასამართლო სისტემის რეფორმა და მომავალი ქმედებები ამ მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებით 19 აპრილის შეთანხმებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის მაკრო-ფინანსური დახმარების შესახებ გადაწყვეტილებების კონტექსტში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი