ამდენი პროტესტი არის ქვეყანაში, სად არის ქალაქის მერი? - ამ კითხვას დედაქალაქის მერის, კახი კალაძის მისამართით რუსთაველის გამზირზე მედიაკორპუსის პროტესტის მონაწილე, ტელეკომპანია "პირველის" დირექტორი, ვატო წერეთელი სვამს.
მე მიკვირს, ამდენი პროტესტია ქვეყანაში, სად არის ქალაქის მერი? სად არის? ინფორმაცია მაქვს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გამო გადადო ბევრჯერ და კიდევ ბევრჯერ მოუწევს მისი პრეზენტაციის გადადება და არ უტყდება? არ რცხვენია? აი, მოდიან ხომ ადამიანები? ერთი პროტესტი, ორი პროტესტი, სამი პროტესტი! ქალაქის მერი ხომ არის? ხომ უნდა იბრძოლოს, რომ ქალაქის მერი კიდევ გახდეს, არ უტყდება? არ რცხვენია?,- ამბობს ვატო წერეთელი.
წერეთელი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" საკუთარ ხალხთან ბოიკოტის რეჟიმშია და არ უკვირს, რომ ხელისუფლებამ ბოიკოტი დღეს კრიტიკულ მედიასაც გამოუცხადა.
ბევრი რამე მინახავს, მაგრამ გინახავს ადამიანი, რომელიც კედელ-კედელ დადის, რომ ჟურნალისტმა კითხვა არ დაუსვას? კედელ-კედელ ნასიარულები ადამიანები ბევრი მინახია ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ პრემიერი რომ ხარ და კედელ-კედელ რომ დადიხარ, რომ ჟურნალისტმა კითხვა არ დაგისვას, მე ვფიქრობ, რომ ასეთ პრემიერს არც შენ, არც მე და არც ქვეყანა არ იმსახურებს,- აღნიშნა ვატო წერეთელმა.
ცნობისთვის, ამ წუთებში მედიაკორპუსის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. მთავარი მოთხოვნაა, რომ კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც 5 ივნისს მედიის 53 წარმომადგენელს თავს დაესხნენ, ასევე, პრემიერმინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დადგეს და ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვოს.