12:00 საათზე, შს მინისტრის პარლამენტში მისვლის დროს, მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.
ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ გუშინდელ აქციაზე განაცხადა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას მიმართა, არ ჩაკეტოს კარი:
„ამ შენობაში მოდის შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. ჩვენ ვიკრიბებით აქ. მოვუწოდებთ პარლამენტის თავმჯდომარეს, არ გადაკეტოს საკანონმდებლო ორგანოს კარები, როგორც ეს გააკეთა წინა შემთხვევაში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ამ სხდომაზე გამოვჩნდეთ. მინდა მივმართო ოპოზიციის წარმომადგენლებს, თქვენ უნდა იყოთ ჩვენი ხმა, იმ ტყუილებს თქვენ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა. ჩვენ 12:00 საათზე ვიქნებით საქართველოს პარლამენტთან და გაჩვენებთ, რა შეგვიძლია“, - განაცხადა ვახო სანაიამ მედიის საპროტესტო აქციაზე გუშინ, 17 ივლისს.
პარლამენტმა კი ჟურნალისტების პასუხად, დაშვების შეზღუდული რეჟიმი დააწესა და "შესაძლო პროვოკაციების პრევენციით" ახსნა.
დღეს, შს მინისტრს პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომაზე 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მოუსმენენ.