მესტიის მუნიციპალიტეტის მერია სვანეთში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 165-ე კილომეტრზე (კალა-იფარი) მდინარე ენგურმა რკინა-ბეტონის ხიდს გამოურეცხა მარცხენა ბურჯი, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანპსორტის მოძრაობა.
მერიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ უშგულის ადმინისტრაციულ ერთეულში ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ადმინისტრაციულ და საჯარო სკოლის შენობებს, დაზიანებულია გზა.
ასევე მერიის ცნობით, მულახის ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა "ხერაშის" ღელე. ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა და ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა გზის აღნიშნულ მონაკვეთზე შესაძლებელია.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბეჩოს ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა საავტომობილო გზა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სტიქია კვლავ საფრთხეს უქმნის გზის რამდენიმე მონაკვეთს.
ასევე, სოფელ იფარში, მდინარე "ლასილურამ" წაიღო სოფლის სავარგულებისკენ მისასვლელი გზა, რის გამოც სოფლის მოსახლეობა ვერ ახერხებს საზაფხულო საძოვრებისკენ გადაადგილებას, სადაც დატოვებული ჰყავთ მერძეული საქონელი.
მათივე ცნობით, ცხუმარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და ხიდები, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ლენჯერის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანდა სოფლის შიდა გზები და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.