ელიავას ბაზრობა კვლავ დახურულია და იქ დასაქმებული 15 ათასზე მეტი ადამიანი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი.
ბაზრობის მოვაჭრეების ვარაუდი არ გამართლდა და სხვა კომერციული ობიექტების მსგავსად, ელიავას მაღაზიებიდანაც მხოლოდ ისეთ ობიექტებს მისცეს გახსნის უფლება, რომელთაც შესასვლელიც ქუჩაზე გამოდის.
ელიავას მოვაჭრეების მთავარი პრობლემა ფინანსური დანაზოგების ამოწურვაა. ელიავას შიდა პერიმეტრზე 1500-მდე სავაჭრო ობიექტია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ თითქმის ყველას საბანკო ვალდებულებები აქვთ, რომელთა გადახდის თარიღიც ახლოვდება.
მათი თქმით, ისინი უკვე მზად არიან ობიექტების გასახსნელად, შეძენილი აქვთ ყველა ატრიბუტები, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებით არის გათვალისწინებული და მხოლოდ ნებართვის მიცემას ელოდებიან.
რაც საჭიროა დღევანდელი დღისთვის, ამ კოვიდის შესახებ, ყველაფრისთვის მზად ვართ. საბანკო ვალდებულება მაქვს, ვალიც დამიგროვდა, როგორც ხდება საქართველოში, დანაზოგი არ მქონია, - ამბობს ერთ-ერთი მოვაჭრე.
ელიავას ბაზრობის დირექციასაც ჰქონდა მოლოდინი, რომ შეზღუდვები მათთანაც მოიხსნებოდა, მით უფრო, რომ ელიავა ღია სივრცეა და მოვაჭრეებსაც დეზობარირები და ა.შ., შეძენილი აქვთ.
ელიავა არის სამშენებლო ტიპის ღია ბაზრობა და ყველა ველოდით, რომ ჩვენი ღია ტიპის ბაზრობაც იქნებოდა გახსნილი. აქ ვირუსის გავრცელების ყველაზე ნაკლები შანსია, - ამბობს ჯიდი თრეიდის მენეჯერი თეა ანდრიაძე.
ელიავას ბაზრობაზე პრემიერ მინისტრის ნახსენებ 25 მაისს ელოდებიან, ამ თარიღისთვის დაანონსებულია ღია ტიპის ბაზრობების გახსნა.
დირექციაში განაცხადეს, რომ პირველ ეტაპზე ბაზრობის სამშენებლო ნაწილის გახსნას ითხოვენ. ისინი მიდიან დათმობაზე და დახლების გახსნის საკითხს კატეგორიულად არ აყენებენ, რადგან დახლები მეტისმეტად მჭიდროდაა ერთმანეთთან განლაგებული.