ელიავას ბაზრობა კვლავ დაკეტილია - მოვაჭრეები უკვე ფინანსურ კრიზისზე ლაპარაკობენ

გამოქვეყნდა:

თბილისის ელიავას ბაზრობა კვლავ დაკეტილია და 25 მაისისთვის მის მხოლოდ ნაწილობრივ გახსნას ელოდებიან. 

ელიავას ბაზრობის დირექციას და მოვაჭრეებს იმედი ჰქონდათ, რომ მათი ობიექტები სხვა სამშენებლო მოლებთან ერთად გაიხსნებოდა, თუმცა ელიავა ჯერჯერობით სრულად დაკეტილი რჩება. 25 მაისიდან მხოლოდ ის მაღაზიები გაიხსნება, რომელთაც შესასვლელი ქუჩიდან აქვთ. დაკეტილი დარჩება დახლები და დაშლილი მანქანების ავტონაწილები. 

ელიავას ბაზრობის მთელ ტერიტორიაზე 500-ზე მეტი დაკეტილი სავაჭრო ობიექტია და მათ გახსნას 15 ათას ადამიანზე მეტი ელოდება. მაღაზიების მეპატრონეთა უმრავლესობა უკვე ფინანსურ კრიზისზე და გადავადებული სესხების გადახდის მოახლოვებაზე წუხს. 

რაულ ბაირამოვი, რომელსაც მაღაზიაში 5 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ორი თვეა მაღაზიის გახნას ელოდება. პროდუქციის შესაძენად გადადებული ფულის ნაწილით ამ დროის განმავლობაში მაღაზიაში დასაქმებულებს უხდიდა ხელფასს. ახლა კი შიშობს, რომ შესაძლოა ოჯახის სარჩენად სახლიდან მოუწიოს ნივთების გაყიდვა. 

საბანკო ვალდებულებები, რა თქმა უნდა გვაქვს, როგორც ყველას. თუ ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება, ძალიან ცუდ სიტუაციაში ვიქნები. რაღაცეების გაყიდვა დამჭირდება, პირადი ნივთების, - ამბობს რაულ ბაირამოვი. 

ელიავას ბაზრობის დირექცია აცხადებს, რომ კორონა ვირუსთან დაკავშირებით დაწესებულები რეგულაციები უკვე გაითვალისწინეს. მაღაზიებს შეძენილი აქვთ დეზობარიერები, თერმოსკრინინგის აპარატები, ხელთათმანები, ნიღბები და მომხმარებლის გაფრთხილებისთვის შესაბამისი წარწერებიც გაკეთებულია.

თბილისის მერი ელიავას სიტუაციის კომენტირებისას აცხადებს, რომ ამა თუ იმ ბიზნეს ობიექტის გახსნის გადაწყვეტილებას დარგის სპეციალისტები იღებენ. 

გადაწყვეტილებები, რომლებიც ხდება შეზღუდვებთან, გახსნებთან დაკავშირებით, ამას იღებს შესაბამისი დარგის სპეციალისტები, იმ რეალობიდან გამომდინარე, ეპიდვითარება მაქვს მხედველობაში, თუ რა ხდება დღევანდელობიდან გამომდინარე. იგივე იქნება სხვადასხვა იმ ბიზნესსექტორის მიმართულებებით, რომლებიც დღეს ჯერჯერობით არ არის გახსნილი, - ამბობს თბილისის მერი კახი კალაძე. 

დირექციის განმარტებით, ელიავას ბაზრობის ნაწილში, სადაც დახლებია განთავსებული და დაშლილი ავტომობილების ნაწილები იყიდება, შეზღუდვები ისევ ძალაშია და ის არ გაიხსნება. სამშენებლო პროდუქციის მაღაზიების გახსნას კი 25 მაისიდან ელოდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი