"იჯდა კუთხეში მარტო და ხმას არ იღებდა" | როგორი იყო მესის ბავშვობა ბარსელონაში

გამოქვეყნდა:

"რივერ პლეიტი" არგენტინის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია. მაგრამ ამ გუნდშიც კი არ მოინდომეს ნიჭიერი, მაგრამ პრობლემური ყმაწვილის "აყვანა". 11 წლის ლიონელ მესი პოტენციურ მყიდველებს თავისი ნაკლის გამო აფრთხობდა - ნიუელს ოლდ ბოისში ნავარჯიშებ ბიჭუნას ზრდის ჰორმონის დეფიციტი ჰქონდა.

მკურნალობას თვეში 900 დოლარი სჭირდებოდა, მაგრამ ადგილობრივი კლუბები ასეთი ინვესტიციისთვის მზად არ აღმოჩნდნენ. ბიჭუნა იმედისმომცემი კი ჩანდა, მაგრამ სად იყო გარანტია იმისა, რომ ხუთი წლის შემდეგ ის ფეხბურთს სულ არ მიატოვებდა და კონტრაბანდისტი არ გახდებოდა? 

უკეთესი პერსპექტივა მხოლოდ ერთმა კლუბმა დაინახა - 2001-ში ბარსელონამ ლიონელიც და მისი ოჯახიც როსარიოდან კატალონიაში წაიყვანა.

"სხვა გზა არ იყო, ბარსელონაში უნდა გადავსულიყავით. მკურნალობისთვის ფული იყო საჭირო, ბარსა კი ერთადერთი კლუბი აღმოჩნდა, რომელმაც ის გაიღო", - ამბობს მესი. 

მართლაც, აუცილებელი ინექციის გარეშე, არამხოლოდ ბიჭუნას სიმაღლეში ზრდა დგებოდა რისკის ქვეშ, მოსალოდნელი იყო სხვა გართულებებიც: პრობლემები კანსა და კბილებზე, მხედველობის დაქვეითება თუ იმუნიტეტის დასუსტება. ლეოს კი გამოჯანმრთელება და საყვარელი საქმის კეთება - ფეხბურთის თამაში სურდა.

სწორედ ეს მოტივაცია დაეხმარა არგენტინელს იმაში, რომ ახალ გუნდში პირველ ეტაპზე წარმოქმნილი სირთულეებისგან სულით არ დაცემულიყო. 

ბარსელონის აკადემიაში იშვიათად ხვდებიან ისეთი უცხოელები, რომლებსაც თვეში 4,5 ათას დოლარს უხდიან. და ბუნებრივია, "ლა მასიის" ბიჭებმაც არგენტინელ ახალწვეულს უმალ ალმაცერად დაუწყეს ყურება. როდესაც მესი გასახდელში პირველად შევიდა, მისთვის სალამიც კი არავინ გაიმეტა...

არც ლიონელს უცდია მეგობრების წრის თავიდანვე შემოკრება. ყველაფრის დასამტკიცებლად მესის მხოლოდ ბურთი და მოედანი ჰქონდა, მისმა თანატოლებმა კი პირველსავე ვარჯიშზე დააღეს პირი. 

"ჩვენ ბურთთან ორი შეხებით თამაშს გვაჩვევდნენ, რათა ბურთს სწრაფად ემოძრავა. მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა ბიჭუნა, რომელსაც ბურთი ოთხი თუ ხუთი შეხებით უფრო სწრაფად გადაჰქონდა ერთი წერტილიდან მეორემდე, ვიდრე ჩვენ პასებით", - იხსენებს მარკ ვალიენტე.

შოკში იყო იმ გუნდის მთავარი ვარსკვლავი სესკ ფაბრეგასიც: 

"იმ დღეს ერთი-ერთზე მოტყუებაში ვვარჯიშობდით. მე მესი შემხვდა. ის პატარა და გამხდარი ჩანდა, მაგრამ ძალიან სწრაფად კი დარბოდა - ასეთი მოთამაშის წინააღმდეგ მანამდე არასდროს მქონდა ნათამაშები. ლიონელმა ისე იოლად ამიარა გვერდი, მაშინვე მივხვდი, რომ ის განსაკუთრებული იყო". 

თავდაპირველად თანაგუნდელებს არ მოეწონათ, რომ "ახალი" ასეთი მაგარი იყო. არგენტინელს თანატოლები იგნორირებას უკეთებდნენ, გასახდელში კი მხოლოდ მისთვის გაუგებარ კატალონიურ ენაზე ელაპარაკებოდნენ.

"არცერთი სიტყვა არ მესმოდა და ეს მანადგურებდა", - მესის ბარსაში გატარებული პირველი თვეები ალბათ არასდროს დაავიწყდება. თანაც, ტექნიკურ ლეოს არც მოედანზე სწყალობდნენ: 

"ვარჯიშეზე იშვიათად მაძლევდნენ პასს და ბევრს მირტყამდნენ ფეხებში, ხოლო როცა შეცდომას ვუშვებდი, დამცინოდნენ. მაგრამ ახალბედას ხომ ლამის ყველგან ასე ექცევიან".

მეტიც, "ლა მასიის" ერთ-ერთმა მწვრთნელმა, რომლის ვინაობას მესი არაფრით ასახელებს, თურმე, გუნდი თავიდანვე განაწყო მინიატურული ფორვარდის წინააღმდეგ.  

"მოგვიანებით ბიჭები მიყვებოდნენ, რომ მწვრთნელი ხშირად ელაპარაკებოდა ჩემზე: "ეს ბიჭი აქაური არაა და უნდა მოვიცილოთ". ამ ამბის გახსენებაზე მესის დღეს კი ეღიმება, მაგრამ მაშინ სულ სხვა ემოციები ექნებოდა.

მესიმ სადებიუტო მატჩშივე გაიტანა, მაგრამ უკვე ერთი კვირის შემდეგ მცირე წვივის ძვალი გაიტეხა. ეს გამძლეობის მორიგი გამოცდა იყო, მაგრამ ლიონელს თანატოლებთან ცუდი ურთიერთობისა თუ ტრავმის ფონზე რეგრესი არ ჰქონია, 2002 წლიდან კი უკვე მის ქუჩაზეც გამოიდარა. 

იტალიაში გამართულ ტურნირში, სადაც 16-წლამდელთა შემადგენლობაში ითამაშა, ლეომ კომუნიკაციის უნარის პირველი ნიშნებიც გამოამჟღავნა - დაიწყო ხუმრობა.

გუნდშიც მიხვდნენ, რომ არგენტინელიც ჩვეულებრივი ბიჭია, ოღონდ, ცოტა შებოჭილი. სწორედ მაშინ გაიგო მესიმ, რომ ჯუჯას ეძახდნენ - ეს მეტსახელი წლობით გაჰყვა.

ლიონელს ეს სულაც არ წყინს და ზღაპრული პერსონაჟის გამოსახულებიანი მაისურიც კი აქვს. 

"მესი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა. ჩვენს გასახდელში ყოველთვის ჟრიამული იდგა, მხოლოდ ლეო იჯდა ხოლმე კუთხეში მარტო ჩუმად", - იხსენებს მესის იმჟამინდელი თანაგუნდელი როჯერ ფრანჩი. 

მის ძმას, რობერტს, ლიონელის სათამაშო ოსტატობა აოცებდა: 

"ზოგჯერ ვფიქრობდი, რომ მისი შეჩერების ერთადერთი გზა - იარაღის ამოღება და ტყვიის დახალება იყო. მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ის ტყვიებსაც აიცილებდა და თან, არც ბურთს დაკარგავდა".

სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, 2003/04 წლების სეზონში, მესის დებიუტი ბარსელონას დიდების გუნდში შედგა. არგენტინელი ჯერ 17-ისაც არ იყო და უკვე რონალდინიოსთან ერთად ვარჯიშობდა.

"ბარსელონამ მომცა ყველაფერი. დღეს რასაც წარმოვადგენ, "ლა მასიის" დამსახურებაა", - ამბობს მადლიერი ლეო, რომელიც გაწეული მკურნალობის წყალობით, მარადონაზე მაღალიც გაიზარდა, ბარსელონასაც ახვეტინებს ტიტულებს და თან ამტკიცებს, რომ კუთხეში ჩუმად ჯდომითაც შეიძლება გახდე მსოფლიოში საუკეთესო!

წყარო: popsport.com

ცნობისთვის, ლიონელ მესიმ ბარსელონა ოფიციალურად 5 აგვისტოს დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი