"მადლობა ლაშა" - ტალახაძეს აეროპორტში შეძახილებით დახვდნენ

გამოქვეყნდა:

„მადლობა ლაშა“- ამ შეძახილებით დახვდნენ გულშემატკივრები ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს აეროპორტში.

ტალახაძე და ქართველი ოლიმპიელები სამშობლოში გვიან ღამით დაბრუნდნენ.

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი დახვედრისათვის. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შევინარჩუნე უკვე მეორედ ოლიმპიური ოქროს მედალი, რაც ძალიან სასიხარულოა. მოგეხსენებათ ძალიან დიდი პერიოდი ვემზადებოდით ამის გამო და დაგვიფასდა თითოეულ ჩვენთაგანს. მადლობა კიდევ და კიდევ ჩვენს ბიჭებს, რომლებმაც შეძლეს და მოიპოვეს მედლები და ჩვენს გულშემატკივარს. ძალიან დიდი მადლობა, გაიხარეთ“, - განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

ქართველი ძალოსნის მიერ ტოკიოს ფიცარნაგზე მოპოვებული უმაღლესი სინჯის მედალი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მე-10 ოქროს, მთლიანობაში კი 41-ე მედალია.

მომავალმა ტრიუმფატორმა უპირატესობა ატაცშივე მოიპოვა. სამივე ცდა - 208, 215, 223 კგ. წარმატებით გამოიყენა და მეტოქეებზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა.

ტალახაძემ პირველივე წონაზე ოლიმპიური რეკორდი დაამყარა, ბოლო მისვლაზე კი მის მიერვე მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე (2021) დამყარებული რეკორდი (222) ერთი კილოგრამით გააუმჯობესა.

ტალახაძე აკვრაშიც მიუწვდომელი იყო. პირველივე ცდაზე 245 კილოგრამი დასძლია, რაც ორჭიდის ჯამში დაგროვილი 468 კილოგრამით ჩემპიონობას ნიშნავდა, მაგრამ მან დარჩენილი ორი მისვლაც გამოიყენა. ჯერ 255 კილოგრამი დასძლია, ბოლო მისვლაზე კი 265 კილოგრამის დამორჩილებით მის მიერვე პატაიას მსოფლიო ჩემპიონატზე (2019 წ) დამყარებული მსოფლიო რეკორდი (264 ) ერთი კილოგრამით გააუმჯობესა.

მსოფლიო რეკორდი დაამყარა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 488 კილოგრამითაც და აქაც მის მიერვე მოსკოვის ევროპის ჩემპიონატზე დამყარებული რეკორდი (485) სამი კილოგრამით გააუმჯობესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი