საბედისწერო მოგზაურობა ხევსურეთში | შატილის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა

გამოქვეყნდა:

დღეს, 23 აგვისტოს, ზუსტად 1 წელი გავიდა, რაც შატილში მოგზაურობა 17 ადამიანისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ისინი ხევსურეთში 2020 წლის 23 აგვისტოს თბილისიდან ერთღიანი ტურით გამთენიას წავიდნენ. უკან დაბრუნებისას კი გზაზე მათი მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა. 17-ვე ადგილზე გარდაიცვალა.

22 წლის ხატია ზაალიშვილი, 25 წლის მე­დეა დევ­სუ­რაშ­ვილი, 26 წლის კობა ყაჭიური, 31 წლის ნუცა ყანადაშვილი, 68 წლის დავით სისაური.. 

სოფელ ბისოსთან, 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდნილ მიკროავტობუსში ისხდნენ კომპანია "სისაურის ხინკლის'' თანამშრომლები. ოჯახებთან ბოლო სატელეფონო კონტაქტი შატილიდან ჰქონდათ. ტრაგედიის შესახებ კი მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ გაიგეს. ავარიას კომპანიის დირექტორი დავით სისაური და მისი ხუთივე თანამშრომელი ემსხვერპლა.  

შატილში წასვლას დავით სისაურის შვილი და შვილიშვილიც აპირებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, კომპანიის დირექტორი მათ გარეშე წავიდა. უბედურ შემთხვევაზე პასუხს ითხოვს ოჯახი - ვინ არის პასუხისმგებელი და რატომ არ გადაიდო ტური ცუდი ამინდის მიუხედავად. 

შატილში სამოგზაუროდ იყვნენ წასული რუსთავში მცხოვრები დები. უბედურ შეთხვევას გადაურჩა 23 წლის ხატია დევსურაშვილი, ის საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობით გადაიყვანეს. ხატიას და, 25 წლის 
მედეა დევ­სუ­რაშ­ვი­ლი კი ადგილზე დაიღუპა.  

2 წლის შვილი დარჩა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერტსიტეტის მეორე კურსის სტუდენტს ხატია ზაალიშვილს. თავადაც ტურიზმს სწავლობდა და ტურ-მენეჯერადაც მუშაობდა. 

მოგზაურობით იყო გატაცებული 31 წლის მხატვარი ნუცა ყანადაშვილი. ბოლო საბედისწერო ტურზე დედასთან, მაია მამუჩაშვილთან ერთად წავიდა. ტრაგიკულ შემთხვევას ორივე ემსხვერპლა.

მათი ხსოვნის პატივსაცემად 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

80-მეტრიან ხევში გადავარდნილ მანქანაში მსხდომი 20 ადამიანიდან სამი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. ნატალია თხელიძე, ხატია დევსურაშვილი და ხათუნა არღვლიანი მრავლობითი დაზიანებით საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდნენ. ისინი საავამყოფოდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერნენ.

ავარიის საქმეზე "თრეველ ჯის" დირექტორი და მიკროავტობუსის მესაკუთრე დააკავეს. სწორედ ამ კომპანიას ეკუთვნოდა შატილში გზიდან გადავარდნილი მიკროავტობუსი. გამოძიება მათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას ედავებოდა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი