სანაიაზე თავდამსხმელების გამოშვება იქნება სიგნალი "ოცნებისგან" ახალი 5 ივლისის დაანონსებაზე - ინგა გრიგოლია

გამოქვეყნდა:

მე მგონია, რომ უნდათ გამოუშვან ვახოზე თავდამსხმელები და ამიტომ ხდება გადადება - ასე აფასებს " TV PIRVELI-ის" ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ფორმულას" ჟურნალისტის ვახო სანაიას საქმეზე სასამართლო პროცესის კიდევ ერთხელ გადადებას.

გრიგოლია განმარტავს, რომ განაჩენის გამოცხადება ჭიანურდება, რადგან მოსამართლე ჟურნალისტზე თავდამსხმელების გათავისუფლებას ვერ ბედავს. 

"მე მგონია, რომ უნდათ გამოუშვან ვახოზე თავდამსხმელები და ამიტომ ხდება გადადება, ვერ ბედავენ, რომ განაჩენი გამოაცხადონ, სხვა შემთხვევაში აქ გადასადები არაფერი არ არის თუ ხელისუფლება 25 აგვისტოს გაათავისუფლებს ვახო სანაიაზე თავდამსხმელებს, ჩემთვის ეს იქნება სიგნალი "ქართული ოცნებისგან" ახალი 5 ივლისის დაანონსებაზე. გაძლევთ პირობას, რომ 25-ში აქ ვიდგებით ყველანი და არ გაბედოთ ჟურნალისტზე თავდამსხმელის გამოშვება",- ამბობს ინგა გრიგოლია. 

ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას 25 აგვისტოს გამოაცხადებს. დღევანდელი პროცესი საქალაქო სასამართლოში ნახევარ საათში დასრულდა. როგორც ვახო სანაია ამბობს, მოსამართლეს დღესაც შეეძლო განაჩენის გამოცხადება, თუმცა დროის გაწელვას ცდილობს. მისივე ვარაუდით, მოსამართლემ "უკვე იცის რა გადაწყვეტილებასაც გამოიტანს". 

შეგახსენებთ, რომ ვახო სანაიას და მის ოჯახის წევრებს თბილისში, 25 თებერვალს გვიან ღამით დაესხნენ თავს. 15 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანაიაზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლემ, სამივე ბრალდებული - სულიკო საყევარაშვილი, გიორგი სახელაშვილი და ვაჟა გიგაური პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი