საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყება აქტიურ კომუნიკაციაშია უკრაინულ მხარესთან, რათა ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები უკრაინის საჰაერო ბორტით დაბრუნდნენ ქვეყანაში:
"სამინისტრო სხვა უწყებებთან ერთად მყისიერად ჩაერთო საქართველოს მოქალაქეების ავღანეთიდან გამოყვანის სამუშაო პროცესში. კომუნიკაცია დამყარდა როგორც პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე დამსაქმებელ კომპანიასთან. მათ შორის, ამჟამადაც ვიმყოფებით აქტიურ კომუნიკაციაში უკრაინულ მხარესთან, რათა მოხდეს მათი საჰაერო ბორტით ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია ავღანეთიდან, რისთვისაც ქართული მხარე დიდ მადლობას უხდის უკრაინის საგარეო უწყებას", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თალიბანის მებრძოლები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, დღეს 15 აგვისტოს შევიდნენ. ქაბული ერთადერთი დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ამ დრომდე ავღანეთის ხელისუფლება აკონტროლებდა.
ავღანეთში მყოფი 22 ქართველის შესახებ ინფორმაცია ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.