ანტიკრიზისული გეგმის არსებობა პრინციპულად მნიშვნელოვანია - ეკონომიკის ექსპერტების საგანგაშო პროგნოზები

გამოქვეყნდა:

ეკონომისტების საგანგაშო პროგნოზები - პარლამენტთან არსებული საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის 11%-იანი ვარდნაა მოსალოდნელი.

საბიუჯეტო ოფისის წარმომადგენლების ამგვარი  შეფასება დამოუკიდებელი ანალიტიკოსებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ექსპერტები ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებულ გამოწვევებზე საუბრობენ. ისინი ქვეყანაში  კერძო ინვესტიციების და ტურიზმის მაჩვენებლის შემცირებას ელოდებიან. დარგის ექსპერტები ვაჭრობის და იმპორტის შემცირებაზეც ამახვილებენ ყურადღებას.

ის პროგნოზი, რაც პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა გამოაქვეყნა, რა თქმა უნდა, კარგი არ არის, მაგრამ ჩვენ რეალობას ვერ გავექცევით. მართლაც გვექნება ჩვენ მეორე კვარტალში სერიოზული ვარდნა. მთლიანობაში წლის განმავლობაში ალბათ გვექნება ეკონომიკის ვარდნა 4-დან 6%-მდე.

ჩვენ უნდა გვქონდეს კარგი საინვესტიციო გარემო და კარგი საინვესტიციო გარემო ნიშნავს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თავისუფალ სასამართლოს, სადაც დაცული იქნება ამ ქვეყანაში კერძო საკუთრების უფლება, ასევე, ნიშნავს უფრო დაბალ გადასახადებს და იმ თამაშის წესებს, რომელიც დააკმაყოფილებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ინვესტორებს, - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე.

ექსპერტები ეკონომიკის სწრაფი ამუშავების აუცილებლობაზეც საუბრობენ და ხელისუფლებას გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას ურჩევენ.

ეკონომიკა რაც უფრო მალე დაიწყებს ფუნქციონირებას, მით უფრო ნაკლები დანაკლისი გვექნება უკვე საშუალო ვადიან პერიოდში და დამატებით კიდევ ერთი, თუ მოზიდული თანხები არ მოხმარდა რეალურად ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას, მასშტაბური ინფრასტრუქტურა, საგადასახადო რეფორმა, მთავრობის მნიშვნელოვანი ზომის რეფორმები, მივიღებთ საბოლოო ჯამში, ვალებში დარჩენილ ეკონომიკას შემცირებული ეკონომიკური მაჩვენებლებით.

ამიტომ, დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია ხელისუფლებას ჰქონდეს მასშტაბური ანტიკრიზისული  გეგმა და დღევანდელი ანტიკრიზისული გეგმა ახლოსაც ვერ მიდის იმ ამოცანასთან, რასაც მასშტაბური ანტიკრიზისული გეგმა ჰქვია, - აცხადებს ეკონომისტი, ირაკლი ყიფიანი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი