ქვეყნის პირველი ჩოგბურთელის გახმაურებული საქმე - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. ნეკა დოროყაშვილი ჩივილს საერთაშორისო სასამართლოში აპირებს.
ამ წუთებში დოროყაშვილის ადვოკატი, ანა აბაშიძე პრესკონფერენციას მართავს. უფლებადამცველი რამდენიმე თვის წინანდელ ამბავს იხსენებს, რომლის თანახმადაც ბასილაშვილის დედას შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი და მას ბავშთან მიახლოება ეკრძალებოდა. ანა აბაშიძის თქმით, ბავშვის უფლებების დარღვევისთვის საერთაშორისო სასამართლოში პასუხის გაცემა უკვე სახელმწიფოს მოუწევს.
ეს კონკრეტული საქმე, ორდერის საქმე, იგზავნება საერთაშორისო ორგანიზაციაში და ამჯერად უკვე სახელმწიფოს მოუწევს გასცეს პასუხი კონკრეტული მოსამართლის სტერეოტიპულ, წინასწარ განსაზღვრულ და სრულიად ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესის უგულებელყოფით მოტივირებულ გადაწყვეტილებაზე.
ჩვენი მიზანი არის ერთადერთი, მაქსიმალურად ეფექტურად და ყველაზე უმტკივნეულო გზით დავიცვათ პირველ რიგში, ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც საუბრობს ძალადობის გამოცდილებაზე და რაც მთავარია, არასრულწლოვანი, რომელიც საქმეში არის, - აცხადებს ანა აბაშიძე.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა კი აცხადებს, რომ ბასილაშვილი ყოფილი მეუღლისთვის ფინანსური დახმარების გაწევას აღარ აპირებს. ჭკადუა ადასტურებს, რომ პროკურატურა აღნიშნული კონფლიქტის შესახებ ყველა მასალას ფლობს. ადვოკატის თქმით, ამოღებულ ვიდეომასალაში ძალადობის აღმნიშვნელი არცერთი ფაქტი ფიქსირდება.
აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, რომელმაც ჯერ კიდევ გუშინ ბასილაშვილის ყოფილ მეუღლეს სოლიდარობა გამოუცხადა. დღეს კი ომბუდსმენმა გადაცემა "დღის სტუმარში" განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ყოფილა შემთხვევები, როდესაც ის უკვე ბრალდებულის დამცველიც გამხდარა.
რამდენიმე საათის წინ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარდამჭერი განცხადება გაავრცელა.