ვაშლიჯვარში, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელ მონაკვეთზე, ახალი ნაპრალები გაჩნდა. ქანები ერთმანეთს იმდენად არის დაშორებული, რომ შესაძლოა მიწის მასა ნებისმიერ დროს ჩამოიშალოს. სპეციალისტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები უნდა შეჩერდეს.
"იქ საერთოდ არ შეიძლებოდა არანაირი სამშენებლო ჩარევა და მით უმეტეს გზის გაყვანის ასეთი სამუშაოები, როცა გრუნტი ხელაღებით იჭრება. მშენებლობის დროს მოჭრილი მიწა ჩაიყარა მშრალ ხევებში, რაც დამატებითი საფრთხეა და არა მარტო ხევში ჩაყრილი მასალა, ჭრის შედეგად მთლიანად დაიძრა სისტემა და ფაქტობრივად, ეს ბზარები ამ დაძრული სისტემის შედეგია. ყველაფერი მოძრავია ახლა იქ და არის საშიში",- თქვა თეა გოდოლაძემ.
ვაშლიჯვრის ფერდობზე ნაპრალები 2021 წლის მარტში გაჩნდა. ქართველი გეოლოგების პირველადი დასკვნით, მეწყერი დაძრული იყო და დღეში დაახლოებით 5 სმ-ით გადაადგილდება. მეწყრული პროცესების შესასწავლად ადგილზე გერმანელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ. გადაიკეტა საავტომობილო გზა, რომელიც 26 აგვისტოს ისევ გაიხსნა.
ამავე თემაზე:
"არანაირი პრობლემა" - კალაძე მაჭავარიანის ქუჩის ფერდზე გაჩენილ ნაპრალებზე