საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტები არ ხორციელდება - სახელმწიფო აუდიტის დასკვნა

გამოქვეყნდა:

საგარეო ვალით დაფინანსებული 11 მსხვილი პროექტი არ განხორციელებულა - სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს აქვეყნებს. 

საგარეო ვალით დაფინანსებულ ამ 11 საინვესტიციო პროექტისთვის 243 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. აუდიტის დასკვნაში ასევე ნახსენებია სხვა საინვესტიციო პროექტებიც, რომელთა დაფინანსება უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით მოხდა და რომელთაც დაბალი ათვისება ახასიათებს.

ნულოვანი ათვისების პროექტების ჩამონათვალში არის ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები, ხიდები, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი, რომელზეც 55 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო და თბილისის ავტობუსების ათვისებისა და წყალგაყვანილობის პროექტები.   

დასკვნაში ასევე ნახსენებია 7 პროექტი, რომელთა ათვისებაც 25%-ით და 5 პროექტი, რომელთა ათვისებაც მხოლოდ სანახევროდ მოხდა.

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით დასტურდება, რომ ბიუჯეტის ფული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით განსაზღვრულ მიზნებს ვერ ემსახურება. 

ეკონომისტების მოსაზრებით, ერთი მხრივ, საქმე გვაქვს სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობასთან, მეორე მხრივ კი, კორუფციულ კავშირებთან, რის გამოც ძვირი საგარეო რესურსი იფლანგება და საქართველოს მოსახლეობა, ვინც ეს ვალი უნდა გადაიხადოს, სათანადო უკუგებას ვერ იღებს. 

ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი არასდროს ყოფილა ბოლო წლების განამვლობაში ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანაზე და ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული, და ამას წლებია მეტყველებს სწორედ ის აუთვისებელი თანხები და კორუფციის ფაქტები, რაც ბიუჯეტში გვაქვს. ინფრასტრუქტურული პროექტების არათვისება, პირველ რიგში, როცა ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი. 

თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის გიგა ბედინეიშვილის თქმით, აღებული საგარეო ვალის არდახარჯვა არის კატასტროფულად მძიმე სიტუაციის მომტანი სამომავლოდ ქვეყნის მოსახლეობისთვის. 

ოპოზიციაშიც კორუფციულ სქემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ მსხვილ ტენდერებში გამარჯვებულები მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები არიან. 

ამას შეიძლება დაარქვა რაღაც სიშტერე, ჩვეულებრივი უპასუხისმგებლობა. ეს არის მავნებლობა, რომელიც ჩადენილია სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამხელა უმუშევრობის პიროებებში, სამუშაო ადგილების გაჩენას აფერხებენ, ამხელა პროექტებს აჩერებენ, ეს ხდება იმიტომ, რომ ხალხი გაღატაკდეს და მეტად იყოს დამოკიდებული ივანიშვილზე, - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი სერგო რატიანი

მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მსხვილი საინვესტიციო პროექტები არ შეჩერებულა.   

მე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა სტრატეგიული პროექტი, რაც არის ჩვენი ქვეყნის ინტერესში და რაც შემდეგომში განაპირობებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას, არც ერთი მათგანი არ გაჩერებულა. ცხადია, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ პროექტების წარმატებას შემდგომში მოყვება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის კიდევ უფრო ძლიერი აქტივობა, - ამბობს საქართველოს პარლამენტის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი

ეკონომისტები და დარგის სხვა სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2020 წლის ბიუჯეტისთვის საქართველოს მთავრობის საქმიანობის ხარისხის მნიშვნელოვანწილად გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ და ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართულებით, რომლებიც საგარეო ვალით ფინანსდება, იგივე სურათს მივიღებთ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი