საქართველოს ჭიდაობის ფედერაციასა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციებს შორის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, საქართველო კონგოს ჭიდაობის განვითარებაში უნდა დაეხმაროს.
ფედერაციის ინფორმაციით, დაიგეგმება ერთობლივი საწვრთნელი შეკრებები და ქართველი მოჭიდავეები კონგოელ კოლეგებს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა მოაწერეს.
"მოხარული ვარ, რომ ვმასპინძლობთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჭიდაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტ ფრანცისკო ნკუნგას. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე ქართველი მწვრთნელები და სპორტსმენები კონგოელ კოლეგებს მაქსიმალურად დაეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრები ფრანკოფონიის თამაშებისთვის ემზადება. ზოგადადაც, მათი მიზანი თავიანთი გუნდის განვითარებაა და თავად მოგვმართეს თხოვნით, გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება. ამ მეგობრული ჟესტით, ჭიდაობის დიდი ოჯახის გაერთიანებაში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ", - თქვა გეგეშიძემ.
ფრანცისკო ნკუნგამ თქვა, რომ კონგოს ჭიდაობის განვითარება, პოპულარიზაცია და წინსვლა სურს.