
ცხრა სასურსათო პროდუქტი, რომელიც მთავრობის დაპირების თანახმად, არ უნდა გაძვირებულიყო - რეკორდულად გაძვირდა.
სამი თვის წინ მთავრობა ხალხს სასურსათო პროდუქტების სუბსიდირებისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარის გამოყოფას დაპირდა.
ქვეყნის პრემიერ მინისტრი დღევანდელი საპარლამენტო მოსმენისას ამტკიცებდა, რომ მთავრობას მსგავსი პირობა არ გაუცია.
"საქართველო მცირე ეკონომიკის ქვეყანაა და როდესაც საერთაშორისო ბაზარზე იგივე ბურღულეულის ფასი გაიზრდება, ტყუილი იქნება დაპირება, რომ საქართველო შეძლებს ამ ფასის შენარჩუნებას", - გახარიამ ამ სიტყვებით, ფაქტობრივად, აღიარა, რომ მთავრობამ ვერ შეძლო ბურღულეულის და სხვა ცხრა პროდუქტზე ფასის შენარჩუნება.
ოპოზიციის მტკიცებით, გახარიამ კიდევ ერთხელ მოატყუა მოსახლეობა. მათი თქმით, ბიუჯეტიდან ამ მიზნით გამოყოფილი 10 მილიონი სხვა მიზნებისთვის დაიხარკჯა.
ეს იყო კორუფციული სქემა, მილიონობით ლარი გადაურიცხეს რომელიღაც კომპანიას, რომელმაც შემოიტანა ეს ცხრა დასახელების საქონელი. ცხრავეზე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფასი. ამას გარდა, მთავრობა რეზერვების შექმნა გადაწყვიტა და ვლადიკავკაზი დააცარიელა, იყიდა ყველაფერი, რაც კი იქ იყო, აქაოდა ახლოს არისო. იყიდა მაკარონი, შაქარი და ზეთი. 16 მილიონი ლარი დახარჯა ამ სასურსათო საქონლის შესაძენად და ახლა უფრო იაფია მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქციის ფასები, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
ევროპული საქართველოს პოზიციით, მოვლენების ამგვარი განვითარება, მთავრობის არჩეული პოლიტიკის პირობებში, მოსალოდნელი იყო.
9 პროდუქციაზე რომ პირობა დადო მთავრობამ, ყველამ თავის ყურით მოისმინა, მაგრამ იმ მეთოდით, რა მეთოდითაც მთავრობა წავიდა, მოსალოდნელი იყო, რომ ფასებს ვერ შეინარჩუნებდნენ და ეს პროდუქტები გაძვირდებოდა, - აცხადებს ფრაქცია ევროპული საქართველო-რეგიონების თავმჯდომარე ზურაბ ჭიაბერაშვილი.
მთავრობის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამ პროდუქტებზე ფასებს არ მოუმატია.
კონკრეტულ პროდუქტებზე, რომლებიც იყო დასახელებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან იმ პერიოდში რაზეც იყო საუბარი, ფასები იქნა შენარჩუნებული, - ამტკიცებს თბილისის მერი კახი კალაძე.
ამ ცხრა პროდუქტზე, რომლებზეც მთავრობა ხალხს ფასების შენარჩუნებას დაპირდა, ოპოზიციის თქმით, ფასები დაახლოებით 300%-ით არის გაზრდილი.