კახი კალაძე დადგმულ სერიალს უწოდებს ისტორიას, რომელიც მოდებაძეების ოჯახმა ჩვენს არხზე პარასკევს, "მთავარი აქცენტების" სპეციალურ გამოშვებაში მოყვა, სადაც მოდებაძეებმა მერობის კანდიდატის მამა, კარლო კალაძე თაღლითობასა და დიდძალი თანხების გამოძალვაში დაადანაშაულეს.
ისტორიაში კიდევ ერთი ადამიანი ფიგურირებს - ბესო ფიფია, შუამავალი, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ა.წ უკვე გარდაცვლილ ნანა მოდებაძეს და მისგან ფულს ითხოვს.
ფიფიაც, ბუნებრივია, უარყოფს ამ ფაქტებს და ამბობს, რომ "მთავარი აქცენტების" ეთერში გასული მისი სატელეფონო საუბარი გაყალბებულია. უარყოფს შუამავლობისა და ფულის გამორთმევის ფაქტებსაც.
როგორ ფიქრობთ, უბრალო დამთხვევაა, რომ ჯერ კიდევ სამი წლის წინ, ჩვენმა ჟურნალისტმა, გიორგი გვიშიანმა - მაშინ რუსთავი-2-ზე ვმუშაობდით და ჩვენს გადაცემას "პოსტ-სკრიპტუმი" ერქვა - გვიშიანმა მოამზადა სიუჟეტი ასევე დიდი თაღლითობის შესახებ, სადაც რუსთავის აგრარული ბაზრის ყოფილი მეპატრონე იმდად მამედოვი ყვება, თუ როგორ დააკარგვინეს მას ქონება ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ხელშეწყობით.
გამოიცანით, ვის ადანაშაულებს მამედოვი თაღლითობაში და თამაზაშვილთან დანაშაულებრივ ურთიერთობებში? იმავე ბესო ფიფიას.
ვიმეორებ შეკითხვას - როგორ ფიქრობთ, უბრალო დამთხვევაა, რომ ორი სრულიად განსხვავებული ოჯახი, ამდენი წლის შუალედით, მსგავს ისტორიას გვიყვება ერთსა და იმავე ადამიანზე და ერთსა და იმავე ბრალდებას უყენებს მას - თაღლითობა, მაქინაციები სხვისი ფულით და ქონებით, და ეს ყველაფერი "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების უშუალო ჩართულობით. და მაშინაც პროკურატურას ისე მიჰყავდა გადაცემა, რომ მთავარი ფიგურანტი ფიფია დაკითხვაზეც კი არ მიჰყავდა. თქვენ ამას ახლა კიდევ ერთხელ ნახავთ.
ახლა გაჩვენებთ ჩვენი ჟურნალისტის მიერ სამი წლის წინ მომზადებულ საავტორო სიუჟეტს, რომელიც 2017 წლის 15 ოქტომბერს გავიდა რუსთავი-2-ის ეთერში, პოსტ-სკრიპტუმის სახელით.
გაიხსენეთ და უკეთ გაიცანით კალაძეებთან და თამაზაშვილებთან დაახლოებული ბესო ფიფია, ვინაიდან ხვალ ის აპირებს "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში მოსვლას და ბრალდებებზე პასუხის გაცემას - ხვალ, საღამოს 23:00 საათზე, "მთავარი დებატების" საგანგებო გამოშვებაში.
ამავე თემაზე: