გაზპრომთან გაფორმებული კიდევ ერთი კაბალური ხელშეკრულება - მთავრობის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს რუსული ენერგო გიგანტის მძევლად აქცევს და კრემლზე კიდევ უფრო დამოკიდებულს გახდის.
ამ ხელშეკრულების თანახმად საქართველოს მოუწევს გადაიხადოს არა 15%-ით ნაკლები თანხა, როგორც ამას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, არამედ მოწოდებული ბუნებრივი აირის ფასი არ შეიცვლება და ქვეყანას დამატებითი ვალდებულებებიც გაუჩნდება. კონტრაქტის ერთერთი პუნქტის მიხედვით, საქართველომ, საჭიროების მიუხედავად, ბუნებრივი აირის სრული მოცულობა უნდა შეისყიდოს.
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გუშინ ამ თემაზე დასმულ შეკითხვებზე პასუხს თავი აარიდა, თუმცა ხელშეკრულების დეტალების შესახებ რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის წარმომადგენლების მოწოდებული ინფორმაციის შედეგად გახდა ცნობილი.
გაზპრომმა ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს ვალდებულებეი დააფიქსირა. გაზის შესასყიდი ფასი ქვეყნისთვის ისეთივე რჩება, როგორც ადრე იყო. ამასთან საქართველოს მოუწევს რუსეთისგან შეიძინოს შეთანხმებული მოცულობის 100%, - ვკითხულობთ გაზპრომის განცხადებაში.
2020 წლის დასაწყისში დამტკიცებული ენერგობალანსის მიხედვით, რუსეთისგან 170 მილიონი კუბური მეტრი აირი უნდა ეყიდა. 21 მაისს გაფორმდა ახალი ხელშეკრულება გაზპრომთან, რომლის მიხედვითაც წლის ბოლომდე შესყიდული აირის ოდენობა საქართველომ 200 მლნ კუბურ მეტრამდე უნდა გაზარდოს.
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ახალი ხელშეკრულებით საქართველომ გაზპრომთან პოზიციები კიდევ მეტად დათმო.
თუ წინა კონტრაქტში შეგვეძლო მოგვეთხოვა იმდენი გაზი, რამდენიც გვჭირდებოდა, ახლა იძულებული ვართ დაფიქსირებული ოდენობის 100% ვიყიდოთ, მეორეც, ფასი არ შემცირებულა და თურნავამ მოიტყუა. მესამე, მსოფლიოში ნავთობის ფასიდან გამომდინარე, გაზის ფასი არათუ განახევრდა, მესამედი გახდა, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.
გაზპრომთან დადებული ხელშეკრულების ფორმატის შეცვლაც კი, როდესაც საქართველომ უარი თქვა ნატურით მომსახურებაზე და ფულადი გზა აირჩია, ქვეყნისთვის დამაზარალებელი იყო.
ეკონომიკის სამინისტროს ხელძღვანელი დღეს, მთელი დღის განმავლობაში, კითხვებს არ პასუხობს.