ფულის დარიგება, ამომრჩევლის მოსყიდვა და "ქართული ოცნების" აგიტატორები სიებით - სენაკში მმართველი გუნდი ტრადიციას არ არღვევს და გადამწყვეტ ბრძოლაში არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე გადადის.
ერთდროულად რამდენიმე საარჩევნო უბანზე მობილიზებული არიან ე.წ. უბნის მაყურებლები. მათ არჩევნებზე მისული მოქალაქეები ჯერ იქვე მდგომ მიკროავტობუსთან მიჰყავთ, წინასწარშედგენილ სიებში ამოწმებენ, ხოლო ამის შემდეგ საარჩევნო უბანზე უშვებენ.
"უბნის მაცხოვრებლები არიან და გულშემატკივრობენ", - ამბობენ ადგილზე შეკრებილები.
სენაკის მე-11 საარჩევნო უბნის ამომრჩეველი "მთავარ არხს" უყვება, რომ ის მოტყუებით მიიყვანეს მიკროავტობუსთან და უთხრეს, რომ მის შვილს, რომელიც სამუშაოდ საზღვარგარეთაა წასული, სამართლებრივ პრობლემებს შეუქმნიდნენ. ამომრჩეველი ამბობს, რომ მას პასპორტი ჩამოართვეს, რათა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიეღო და უთხრეს, რომ სახლში დაბრუნებულიყო.
საარჩევნო უბნიდან რამდენიმე მეტრში "მთავარი არხის" გადამღებმა ჯგუფმა მიკროავტობუსში მყოფი "ქართული ოცნების" აქტივისტები და ა(ა)იპ-ის თანამშრომლებიც გადაიღო. ისინი ფულითა და სიით იმყოფებოდნენ, რისი დამალვაც სცადეს, თუმცა "მთავარის" გადამღებმა ჯგუფმა ფაქტის დაფიქსირება მაინც შეძლო. "ოცნების" წევრებმა და მხარდამჭერებმა თქვეს, რომ ეს საკვებისთვის შენახული თანხაა.
აღსანიშნავია, რომ ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც, თუმცა კანონდარღვევაზე არ რეაგირებენ და ამბობენ, რომ "ვერანაირ დარღვევას ვერ ხედავენ".
ავტორი: ემა გოგოხია