დარღვევების დიდი ნაწილი გამოწვეულია საუბნო კომისიის წევრთა დაბალი კვალიფიკაციით, საჩივრები იწვევს მათ გაღიზიანებას - HRC

გამოქვეყნდა:

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" პირველადი შეფასებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა მიერ იდენტიფიცირებული დარღვევების დიდი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა დაბალი კვალიფიკაციით არის გამოწვეული.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომისიის წევრების და თავმჯდომარეების მიერ დაშვებულ ტექნიკური ხასიათის შეცდომებსა თუ დარღვევებზე დამკვირვებელთა სამართლიანი შენიშვნები და საჩივრები ხშირად იწვევს მათ გაღიზიანებას და ამის გამო საარჩევნო უბნებზე იქმნება დაძაბულობა, ზოგჯერ კი - კონფლიქტები.

მათივე ცნობით, განსაკუთრებით ბევრი დარღვევა მარნეულის საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. HRC-მ მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობა მოითხოვა.

"მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრები ზეწოლას ახდენდნენ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელზე - ეუბნებოდნენ, რომ პრეტენზია არაფერზე გამოეთქვა და არ დაეწერა საჩივრები.   ცენტრის დამკვირვებელს კომისიის წევრები არ აძლევდნენ მობილური ტელეფონით ვიდეოს გადაღების საშუალებას და მას „თითების დამტვრევით“ ემუქრებოდნენ. დამკვირვებლის მიმართ აგრესია გამოხატა კომისიის თავმჯდომარემაც. მან დამკვირვებელს ხელი კრა და კედელს მიანარცხა. დამკვირვებელი იძულებული გახდა, დაერეკა მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში. კომისიის წარმომადგენლების საარჩევნო უბანზე მოსვლის შემდეგ სიტუაცია დროებით განიმუხტა, მაგრამ მათი წასვლის შემდეგ უბანზე კვლავ ქაოტური სიტუაცია გაგრძელდა.

ამ უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა რამდენიმე ამომრჩევლის მიერ ხმის ორჯერ მიცემის ფაქტი. ყუთთან მდგომი კომისიის წევრი მათ არ აძლევდა კონვერტის ყუთში მოთავსების საშუალებას იმ არგუმენტით, რომ ამ კონკრეტულ ამომრჩევლებს უკვე მიცემული ჰქონდათ ხმა სასურველი კანდიდატისთვის. ამის შემდეგ რამდენიმე პირმა ძალის გამოყენებით შეძლო კონვერტის ყუთში მოთავსება",- ნათქვამია განცხადებაში. 

გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე ხშირად აქვს ადგილი უმეტესწილად მმართველის პარტიის - "ქართული ოცნების" კოორდინატორებისა და აგიტატორების მობილიზებას და მათ მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ნიშნავენ თავიანთ სიებში, ესაუბრებიან და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. HRC-ს შეფასებით, მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას.

"საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე, დაუშვებელია კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება და ამომრჩეველთა აღრიცხვა. საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე მმართველი პარტიის წარმომადგენელი კოორდინატორებისა და აგიტატორების უკანონო ქმედებებზე არ ხორციელდება სათანადო მონიტორინგი, კონტროლი და რეაგირება სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

მსგავსი ფაქტების აღკვეთაზე პასუხისმგებელი უწყება არის პოლიცია. პოლიციას კი ინფორმაცია უნდა მიაწოდონ საუბნო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებმა, რომელთა უბნის უშუალო სიახლოვეს მიმდინარეობს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის ხელშემშლელი და ჯანსაღი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელი მოქმედებები. თუმცა, უმრავლეს შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები თავს იკავებენ პოლიციის მისამართით მსგავსი შეტყობინების გაკეთებისაგან და აცხადებენ, რომ ამ ფაქტებზე რეაგირება არ მიეკუთვნება მათ უფლებამოსილებას",- წერია დოკუმენტში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა სულ საარჩევნო უბნების დახურვამდე 24 საჩივარი და 48 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. 11 საჩივარი წარედგინა საოლქო საარჩევნო კომისიებს. 

2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ადამიანის უფლებათა ცენტრი 51 დამკვირვებლით საქართველოს სამ რეგიონში დააკვირდა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი