ყველამ, ვინც ოპოზიციაშია და არა გარიგებაში ივანიშვილის რეჟიმთან, მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს უნდა დაუჭიროს - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი, გიგი წერეთელი მოსალოდნელ მეორე ტურებთან დაკავშირებით.
წერეთელი ამბობს, რომ ახლა საჭიროა ოპოზიციის უფრო მეტი კოორდინაცია, ვიდრე ეს პირველ ტურში იყო:
„მას შემდეგ, რაც ჩატარდა არჩევნები და ვფიქრობ რომ შეფასებები ძალიან მძიმე იყო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მხრიდან, იგივე ამერიკისა და სხვა საელჩოების მხრიდან, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანაა, რომ მთავარი მონაპოვარი რაც არის, არჩევნების მეორე ტურებში უმეტეს ოლქებში, დიდ ქალაქებში, 20 ოლქში მეორე ტურია და ოპოზიცია არის წინ, ეს გამარჯვება იყოს საბოლოოდ მოპოვებული. ამას სჭირდება ბუნებრივია მხარდაჭერა, ამას სჭირდება კიდე უფრო ფართო კოალიცია, ვიდრე ეს იყო პირველ ტურში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ძირითადი მოთამაშე, ვისაც აქვს პრეტენზია, სურვილი და გრძნობს რომ ოპოზიციაშია და არა მოლაპარაკებაში ხელისუფლებასთან, დაუჭერს ოპოზიციურ კანდიდატებს მხარს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მთავარი ამოცანა, ამისთვის საჭიროა აქტიური კონსულტაციები და მე მოხარული ვარ, რომ ბევრმა პარტიის ლიდერმა უკვე გააკეთა ღიად განცხადება, მათ შორის ჩვენმა პარტიამაც, რომ ჩვენ დავუჭერთ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს, რომელიც მონაწილეობს ამ არჩევნებში და მეორე ტურში აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს.“ - განაცხადა წერეთელმა.
შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქში ჩატარდება. სავარაუდო თარიღად 30 ოქტომბერი სახელდება.