ბათუმში, იმ კორპუსის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომლის დიდი ნაწილი გუშინ ჩამოინგრა და ტრაგედიის მიზეზი გახდა, ლიფტი შენობაზე გიორგი ერმაკოვის მერობის დროს მიაშენეს, თუმცა ვინ და როდის გასცა ნებართვა, ამაზე თავმჯდომარე ვერაფერს ამბობს. როგორც "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას ის ამბობს, ბინაში ვერ შედის, შესაბამისად ოფიციალურ დოკუმენტაციაში რა წერია, უცნობია.
კორპუსის ნაწილი 26 მაისის ქუჩაზე ბათუმში გუშინ ჩამოინგრა. დაღუპულია 9 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. სამაშველო სამსახურმა 2 დღიანი სამძებრო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაასრულა. ახლა ადგილზე არსებული ვითარება სპეციალისტებმა უნდა შეაფასონ. შს მინისტრის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ შენობის ნაწილი კიდევ ჩამოინგრეს.
მიმდებარე ტერიტორიებიდან მოსახლეობა დროებით სასტუმროებში გადაიყვანეს.