300 მაშველი 30 საათის განმავლობაში კორპუსის ნანგრევების ქვეშ მოყოლილ 10 ადამიანს უწყვეტად ეძებდა. იღბლიანი მათგან ერთადერთი აღმოჩნდა. მაშველებმა და ექიმებმა მისი ცოცხლად გადარჩენა შეძლეს. დანარჩენი 9 ადამიანი ტრაგედიას შეეწირა. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი.
ბათუმი. 8 ოქტომბერი. 2021 წელი.
ვერც კი დავთვლით, რამდენი შემთხვევა ვიცით და რამდენი გვინახავს საკუთარი თვალით, როდესაც ბინის მეპატრონე ისე ანგრევს სახლში კედლებს, რომ წარმოდგენაც კი არ აქვს, რას ნიშნავს მზიდი კონსტრუქცია, მზიდი კედელი, მზიდი ბოძები...
რამდენჯერ მომისმენია ახლობლებისგან, როგორ გეგმავენ რემონტს და დაადებენ ხოლმე ხელს კედელს და ამბობენ: აქ დიდ კარს გავჭრი, აქ საერთოდ მოვშლი ამ კედელს... და რამდენჯერ გვიკივლია შეშფოთებულს - ამ კედლისთვის ხელის ხლება დაუშვებელია, თავზე დაგენგრევათ სახლი. მე კი მიკვირს, რანაირად შეიძლება ვერ გააცნობიერო, რომ შენობა ამ კედლებზე დგას და ასე სურვილისამებრ მათ მონგრევა დაუშვებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან ხშირად ხდება.
მეც ვარ ასეთ ბინაში, მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე სტუმრად ნამყოფი, სადაც პატრონი მიყვებოდა, როგორ აწუხებდა მას შუა ოთახში წამოჭიმული კედელი და როგორ გადაწყვიტა სივრცის გასადიდებლად ამ კედლის დაშლა.
როდესაც მეზობლები ჩამოუცვივდნენ ყვირილით, რომ მათ კედლებზე უზარმაზარი ბზარები გაჩნდა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ კორპუსის საყრდენ კედელს ანგრევდა და მთელ შენობას ძირს უთხრიდა.
კედლის ნგრევას შეაჩერა, მაგრამ მთელი მისი სადარბაზოს აყოლებაზე ბინები დაბზარული დარჩა - სიცილით მიყვებოდა ოღონდ ამას, როგორც სახალისო კურიოზს. მე ავუხსენი, რომ სასაცილო ამაში არაფერი იყო და იმ ბინაში მეორედ აღარასდროს მივსულვარ. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და კიდევ არავინ იცის, ბათუმის მსგავსი კიდევ რამდენი ტრაგედია შეიძლება მოხდეს.
ფაქტია, რომ მხოლოდ ბინის მეპატრონეების საღი აზრის იმედად ყოფნა არ შეიძლება - მათ დიდ ნაწილს ეს საღი აზრი, უბრალოდ, არ გააჩნია. ამიტომ ამ საფრთხეების სხვანაირი კონტროლია საჭირო.
წარმოიდგინეთ, ბათუმის იმავე კორპუსის იმავე პირველ სართულზე მეპატრონეს, უბრალოდ, გარე ფასადზე კედლის სხვა ფრად შეღებვა ან სხვანაირი ფანჯრის დაყენება რომ მოენდომებინა, მერიისგან უნდა აეღო ნებართვა და პროექტი უნდა შეეთანხმებინა.
და ამ დროს შიგნით შეუძლია რაც უნდა ის ქნას, მას ვერავინ აკონტროლებს - შიდა პროექტებზე კონტროლის დაწესებას ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და ეს, ალბათ, შეუძლებელიც იქნებოდა - თითოეული ბინის შიდა რემონტი მერიაში ვერ შეთანხმდება.
მაგრამ, ალბათ, ის მაინც უნდა დარეგულირდეს, რომ ასეთი მასშტაბური სარემონტო სამუშაოებისთვის, როდესაც ნგრევასთან და მშენებლობასთან გვაქვს საქმე და არა უბრალოდ კედლის ღებვასთან, უნდა აიკრძალოს ქუჩიდან მოყვანილი იაფიანი მუშახელის გამოყენება, რომელიც თვითონ ეძახის თავს ხელოსანს, თორემ სინამდვილეში ამ საქმის აზრზრე არ არის და მზიდი კონსტრუქციაც კი არ გაუგია, რას ნიშნავს.
იხილეთ ასევე: