ტრაგედია ბათუმში | მძიმე ამბები

გამოქვეყნდა:

უმძიმესი ტრაგედია ბათუმში - 8 ოქტომბერს, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად ნანგრევებში 10-ზე მეტი ადამიანი მოყვა. 

მომხდარიდან მალევე მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს, რომელიც კორპუსთან მდგომ ავტომობილში იმყოფებოდა. რაც შეეხება უშუალოდ შენობაში მყოფ ადამიანებს, ბოლო მონაცემებით, მაშველებმა 10 მათგანის პოვნა შეძლეს, საიდანაც 8 უკვე გარდაცვლილი იყო. გარდაცვლილებს შორის 3 ბავშვია.

2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანი, 35 წლის ქალი დღეს დილით გარდაიცვალა. ის სამედიცინო დაწესებულებაში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს. ქალს ღამის განმავლობაში გული 5-ჯერ გაუჩერდა. ირკვევა, რომ ნანგრევებში ნაპოვნი ორი გარდაცვლილი ბავშვი სწორედ მისი შვილები არიან.

მძიმეა მეორე დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. ექიმი ამბობს, რომ პაციენტს მრავლობითი მოტეხილობები აქვს და აღენიშნება ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი.

არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ნანგრევებში მოყოლილი ყველა მოქალაქე ნაპოვნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორპუსის ნგრევის სავარაუდო მიზეზი პირველ სართულზე უნებართვოდ წარმოებული სარემონტო სამუშაოები გახდა. სწორედ ამის გამო, უწყებამ ბინის მეპატრონე და ორი მუშა დააკავა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ დანგრეული კორპუსის მიმდებარედ არსებულ შენობებს გეოლოგები და კონსტრუქტორები შეისწავლიან.

მომხდარის ტრაგედიის გამო, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაყურებლის გარეშე ჩატარდება ბათუმში საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩი. 

გარდა ამისა, უქმდება თბილისობასთან დაკავშირებული ღონისძიება, თანხა კი, რომელიც მის ჩასატარებლად იყო გამოყოფილი, ბათუმის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახების ფონდში გადაირიცხება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი