საქართველოს ეკონომიკა პირდაპირი მნიშვნელობით უფსკრულის წინაშეა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 16.6 პროცენტით შემცირდა. ასეთი კატასტროფული ვარდნა არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყოფილა.
პროგნოზები კიდევ უფრო მძიმე და არასაიმედოა. ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის შედეგად ქვეყანა კორონა პანდემიისგან გამოწვეულ კრიზისს სრულიად მოუმზდებელი შეხვდა და ეკონომიკა ჩამოშლის ზღვარზე აღმოჩნდა.
აპრილი იყო ზედიზედ მეორე თვე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა მცირდებოდა და სავარაუდოა, ეს დინამიკა შენარჩუნდეს მაისშიც, რადგან 22 მაისამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა და საწარმოებისა და კომერციული ობიექტების უმრავლესობა დაკეტილი იყო.
აპრილში კატასტროფულად დაეცა დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვაც. მსხვილი კომპანიების ბრუნვა შემცირდა მესამედით, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ წარმოება და აქტივობა 33 პროცენტით შეამცირეს. სავარაუდოდ, გაცილებით მძიმე ვითარებაშია მცირე და მიკრო ბიზნესი.
ხელისუფლების მიერ გატარებული ანტიკრიზისული ღონისძებების მიუხედავად, ეკონომისტები ფიქრობენ, რომ ეს ვერ იქნება საკმარისი, რადგან ახლა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რეოფრმები და ქვეყნის გადარჩენაა საჭირო.
ჩვენ ამ ვარდნის შედეგებს, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტად ვიგრძნობთ შემდეგ თვეებში, ეს აუცილებლად გამოწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას, ზოგადად ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც გამოწვევს ზრდას და არა ვარდნას, - ამბობს "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე.