"ქართული ოცნების" წევრებმა თელავში მოსახლეობას სუფრა გაუშალეს - ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

გამოქვეყნდა:

ამომრჩევლის მოსყიდვა კახეთში - "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა მოსახლეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინ, თელავში სუფრა გაუშალეს.

"ოცნების" ადგილობრივმა წევრებმა ე.წ. ლეგიონის დასახლებაში 30-40- კაციანი სუფრა გაუშალეს. სანაცვლოდ მოქალაქეებს სთხოვეს, რომ 30 ოქტომბერს მმართველი გუნდის მერობის კანდიდატს, ლევან ანდრიაშვილს მისცენ ხმა.

"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ადგილზე მივიდა და ფაქტი დააფიქსირა, რამაც იქ მყოფების გაღიზიანება გამოიწვია.

"კორპუსში ვქეიფობთ, სურვილი გვაქვს და ვქეიფობთ. მე თუ ვერა ვცნობ, ["ქართული ოცნების" წვერებს] ბიჭები არიან აქ და ესენი ცნობენ, საძმოა და ერთად დაზრდილი ბიჭები არიან. თქვენი საქმე არ არის",- ამბობენ ადგილობრივები.  

"ნაციონალური მოძრაობის" თელავის მერობის კანდიდატი გიორგი ბოტკოველი კი ამბობს, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა, მისივე ინფორმაციით, კონკრეტულ სუპერმარკეტებთან "გარიგება უკვე შემდგარია" და გაჭირვებულ მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურებამდე სასურსათო პაკეტებსაც დაურიგებენ.

"ასეთი სუფრებით, გადაგდებული ლუკმებით ფიქრობენ, რომ შეიძლება ვინმემ მათ ხმა მისცენ. თელავში მყოფ ბიზნესმენებს დაავალეს კვირისთვის სხვადსხვა ბიზნესმენს სხვადსხვა რაოდენობის პაკეტების შეძენა, რომ ადამიანები მოისყიდონ",- ამბობს გიორგი ბოტკოველი.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, დღეს გაშლილი სუფრის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თელავის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატის, ოთარ ესიტაშვილის ბიძა, დავით ესიტაშვილი. ამასთან, ოთარ ესიტაშვილი "ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილი ე.წ. ცოცხების აქციის მონაწილეცაა.

ავტორი: ია გულიაშვილი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი