ხმაური ზუგდიდში მე-20 საარჩევნო უბანთან - დაპირისპირება დამკვირვებლებს შორის მოხდა.
უბნის დამკვირვებელი, სესილი ჭითანავა "მთავარ არხს" უყვება, რომ უბანთან მანქანაში 4 ქალი იჯდა, რომელთაც თან სიები ჰქონდათ, ისინი კი მათი ვინაობის გარკვევას ცდილობდნენ.
"მივედით მანქანასთან, რომ გვეკითხა ვინ იყვნენ, გაგვერკვია, ასეთ დროს მოვიდა "ოპელით" ციმინტია, არ მახსოვს სახელი, რომელმაც ხელი დაარტყა ჩვენს დამკვირვებელს. ჯერ დაიწყო გინება, შეურაცხყოფა მოგვაყენა ყველას. მიზეზი- რატომ მივედით მანქანასთან და რატომ ვიკითხეთ ვინ იყვნენ",- ამბობს სესილი ჭითანავა.
უბანზე მყოფი კიდევ ერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ "დამკვირვებელმა მოითხოვა 100 მეტრის რადიუსით გადაადგილებულიყვნენ გაურკვეველი ხალხი, რომელიც აქ არიან მობილიზებულები, ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც ვერ ასაბუთებენ აქ რა უნდათ. ამას მოყვა აგრესია, დაპირისპირება, ხელის დარტყმა."
ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდა აქტივისტი გიორგი მუმლაძეც. მისი თქმით, უბნის გარეთ შეკრებილია ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ამომრჩევლის დაშინებას ცდილობენ.
" ბექა პაპაშვილმა ნახა, რომ ეს ადამიანები გარკვეული სიებით იყვნენ. ამომრჩევლის მოსყიდვის ეჭვი ჰქონდა, როცა ჰკითხა რას აკეთებდნენ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. ამ ფონზე ათეული ადამიანი მოვარდა და გვიყვიროდა: ეს არის ჩვენი ქალაქი აქ რა გინდათ?... უბნის გარეთ ადამიანთა ჯგუფია, რომელთაც აქვთ სიები და მონაცემები აქვთ და ამის მეშვეობით როდესაც შედის ადამიანი უბანზე ის უკვე "დამუშავებულია",- ამბობს გიორგი მუმლაძე.
საგანგებოდ მობილიზებული პირები პოლიციელებს ეუბნებიან, რომ "ჩამოვედი ზუგდიდელების ხმის დასაცავად. მე რომ განყოფილებაში წამოვიდე მთელი დრო უნდა დავკარგო. ადგილზე შეადგინეთ ოქმი".
ადგილზე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ზუგდიდის სამმართველოს ხელმძღვანელიც იმყოფებოდა. ამ დროისთვის ორივე ადამიანი, რომლებიც დაპირისპირებაში ფიგურირებენ პოლიციაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.