ხმაური იყო ქუთაისის მე-15 საარჩევნო უბანზე - სახელისუფლებო პარტია საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობს. ადგილზე დისტანციის დარღვევით იმყოფებოდნენ "ქართული ოცნების" კოორდინატორებიც, რომლებსაც თან საარჩევნო სიები ჰქონდათ. ამასთან დაკავშირებით კითხვებმა ისინი გააღიზიანა.

"თქვენი საქმე არ არის რა სიებია, გაეთრიეთ აქედან",- უთხრა On.ge-ს ჟურნალისტს კოორდინატორმა.

მას შემდეგ, რაც ადგილზე მყოფებს On.ge-ს ჟურნალისტმა საარჩევნო დარღვევების შესახებ მიუთითა, მედიის წარმომადგენელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

"როდესაც დავიწყე გადაღება კეთილსინდისიერად მიდიოდა თუ არა პროცესი, ძალიან გაღიზიანდნენ, მომაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, სცადეს მობილური ტელეფონის წართმევაც",- ამბობს On.ge-ს ჟურნალისტი. 

რაც შეეხება საარჩევნო უბნის მდივანის პოზიციას, მან მედიის წარმომადგენლები პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა. 

"თქვენ ხართ პროვოკატორები, რომელსაც გინდათ არეულობის მოწყობა, მაგრამ არ გამოგივათ ეგ სცენები. ეგერ არის ოპერის თეატრი, გადაბრძანდით იქ და იქ აწყვეთ სპექტაკლი",- თქვა კომისიის მდივანმა. 

ცნობისთვის, ქუთაისში ოპოზიციის წევრები და მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არჩევნები მასშტაბური დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი