პენსიონრებს, რომლებსაც კრედიტი ჰქონდათ აღებული, ყოველთვიურ შემოსავალზე სწორედ საპროცენტო გადასახადის ოდენობის თანხა დააკლდათ.
დღეს "ლიბერთი ბანკში" მისულმა რამდენიმე ათასმა პენსიონერმა პენსიის მხოლოდ ნაწილი აიღო. კოვიდ 19-ის კრიზისის ფონზე ხელისუფლება მოქალაქეებს დაპირდა, რომ წინსწრებით აღებულ პენსიაზე სამი თვის განმავლობაში პროცენტს არ ჩამოაჭრიდნენ. ივნისი საშეღავათო პერიოდის მესამე თვეა, პენსიონერებს იმედი ჰქონდათ, რომ ამ თვეშიც სრულ თანხას აიღებდნენ, თუმცა ხელისუფლებისაგან ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი მოტყუებული დარჩა.
ლიბერთი ბანკში განმარტება მხოლოდ დღის ბოლოს გააკეთეს და განაცხადეს, რომ ეს ტექნიკური ხარვეზი იყო და პენსიონრებს თანხა ანგარიშზე დაუბრუნდებათ.
სასესხო ვალდებულებების შეუსრულებლობას საკრებულოს ოპოზიცია ხელისუფლების სატყუარად თვლის. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით , "ქართული ოცნების" მხრიდან ეს არ იყო პირველი ტყუილი და არც მოულოდნელი. რატომ ვერ აიღეს პენსიონერებმა სრული თანხა ამ კითხვაზე პასუხი ხაბეიშვილს "ლიბერთი ბანკის" მენეჯერმა პასუხი ვერ გასცა. საკრებულოს დეპუტატი ბანკშიც კი არ შეუშვეს.
პანდემია დასრულდა, ფაქტობრივად ბოლოში ვართ გასულები და პენსიონრებს ეუბნებიან, რომ ახლა არც ჭამა გინდათ, აღარც სმა, აღარც მედიკამენტები და ის ორი თვე ის მინიმალური შეღავათები, რაც გაგიწიეთ, იმასაც წაგართმევთო. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ძალადობს და ყაჩაღობს საკუთარ მოსახლეობაზე ხელისუფლება, - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი.
ეკონომიკური კრიზისი პირველ რიგში არის მორალური ზიანი - ასე აფასებენ ეკონომისტები საპენსიო საშეღავათო პერიოდის დარღვევას. ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ექსპერტები ხელისუფლებას თანხების სწორად გადანაწილებისკენ მოუწოდებენ.
რა თქმა უნდა, ზიანია ძალიან დიდი და ეს ზიანი იქნება დიდი მანამ, სანამ მთავრობა სწორად არ გადაანაწილებს თანხებს და დახმარებას არ მიმართავს საჭირო მიმართულებით და მეორე მხრივ, ეკონომიკას არ აამუშავებს სწორი ნაბიჯებით, - ამბობს ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი.
რატომ ვერ აიღეს პენსიონერებმა დღეს სრული თანხა, ამაზე პასუხი ლიბერთი ბანკისგან "ტექნიკური ხარვეზია", ისინი ამტკიცებენ, რომ პრობლემა გამოსწორებულია.