მიუხედავად ოდირის დადგენილებისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტური პროფესიონალურად და გამჭვირვალედ წარმართა, კვლავ გამოითქვა შეშფოთება ქვედა დონის საარჩევნო კომისიების მიკერძოებასთან დაკავშირებით. აშშ-ის საელჩოს სადამკვირვებლო ჯგუფები შეესწრო მსგავსი მიკერძოებისა და ჩარევის ფაქტებს რამდენიმე უბანზე - ნათქვამია აშშ-ს საელჩოს განცხადებაში, რომელსაც დიპლომატიური უწყება მეორე ტურთან დაკავშირებით ავრცელებს და იმ დარღვევებზე საუბრობს, რომელიც გამოვლუინდა და რომელზეც ეუთო/ოდირის მისიაც ამახვილებს ყურადღებას:
საელჩოში ამბობენ, რომ მსგავსი ფაქტები უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით.
"ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს სარწმუნო ცნობები საარჩევნო დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შესახებ, როგორც პირველი ასევე მეორე ტურის განმავლობაში. ეს ჯგუფები ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია და თავდასხმები მედიისა და საარჩევნო დამკვირვებლების მიმართ უნდა იყოს გამოძიებული და გასამართლებული კანონის სრული სიმკაცრით. მათი ცნობები უნდა იყოს მიჩნეული, როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება შეუძლია" ,- ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც აშშ-ის საელჩო საქართველოში ყურადღებას უთმობს, საჩივრებია. საარჩევნო დავების ნაწილში ღიად არის ნათქვამი, რომ ეს ფაზა არის "ტესტი" ცესკოსთვის, გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ საკუთარი მოვალეობა.
"ამჟამად საარჩევნო პროცესი გრძელდება სულ მცირე 140 უბანზე შემთხვევითი გადათვლებით და ასობით საჩივრის განხილვით. ეს ფაზა არის ტესტიცა და შესაძლებლობაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოებისთვის. ამ ინსტიტუტებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, თავიანთი მოვალეობა გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეასრულონ. ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები და მშვიდობიანი გზები საარჩევნო დავების განსახილველად. საქართველოს დემოკრატია ვერ გაძლიერდება ძალადობითა და კანონის მიღმა საკითხის მოგვარებით",- წერია განცხადებაში.
იხილეთ განცხადება უცვლელი ფორმით: