ტერიტორიას, სადაც გუშინ "ეკოგაზის" გაზგასამართი სადგური აფეთქდა - 8 წლის წინ სტატუსი შეეცვალა

გამოქვეყნდა:

რატომ შეეცვალა საცხოვრებელი ზონის სტატუსი რვა წლის წინ იმ კონკრეტულ ტერიტორიას, სადაც გუშინ აფეთქებული გაზგასამართი მდებარეობს, ან რატომ გაიცა გაზგასამართი სადგურის ამოქმედების შემდეგ მის გარშემო საცხოვრებელი კორპუსების მშენელობის ნებართვა, უცნობია - დედაქალაქის მერია ოფიციალურ განმარტებას არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ სახლების აშენების ნებართვა დავით ნარმანიას მერობის დროს გაიცა.

გუშინ ამაშუკელის ქუჩაზე "ეკოგაზის" გაზგასამართი სადგურის კომპრესორი აფეთქდა. აფეთქების შედეგად დაზარალებულია სადგურის ერთი თანამშრომელი, რომლის მდგომარეობა ამ მომენტამდე მძიმედ სტაბილურია. აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა ირგვლივ მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მინები, მათ შორის, მაღალ სართულებზეც. 

ინციდენტის შემდეგ ახლო მდებარე ოთხი მაღალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლები უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას და სადგურის გადატანას ითხოვენ. 

გაზგასამართი სადგურის კომპრესორის აფეთქების მიზეზზე პასუხი არ აქვს სადგურის მფლობელი "ჯიელჯი გრუპის'' ხელმძღვანელობას. ისინი ამბობენ, რომ შემთხვევამ კითხვები გააჩინა.

გაზგასამართი სადგური აქ რვა წლის წინ, იმაზე ადრე აშენდა, ვიდრე კორპუსები, თუმცა 2012 წლის აგვისტოში ამ კონკრეტულ ადგილს, სადაც ახლა "ეკოგაზია'', საცხოვრებელი ზონის სტატუსი შეეცვალა და სატრანსპორტო ზონის სტატუსი მიენიჭა. ამ ტერიტორიის ნაწილი ვახტანგ ჭიჭინაძის ოჯახს ეკუთვნოდა და მათ ამ მიწის გაყიდვა მოუწია. ოჯახმა გასხვისების კონტრაქტის გაფორმებამდე სასამართლოს მიმართეს, თუმცა დავა წააგეს. ჭიჭინაძეები კონკრეტული პირების ინტერესებზე ლაპარაკობენ.

2012 წელს ვინმე ლაშა ასათიანის და გიორგი დონაძის ინტერესების გამო სახელმწიფომ გამოიტანა მიწის ეს ნაკვეთი აუქციონზე და შეუცვალეს სტატუსი და საცხოვრებელი მიწის ნაცვლად სატრანსპორტო ზონის გახდა, შემდეგ აშენდა ეს გაზგასამართი სადგური. ჩვენ გავასხვისეთ ჩვენი მიწა, რადგან აქ საცხოვრებელ სახლს ვეღარ ავაშენებდით, - ამბობს თინა ჭიჭინაძე.

უსაფრთხოების მიზნით გაზგასამართი სადგური არამარტო კორპუსებიდან, არამედ სატრანსპორტო გზიდანაც მოშორებით უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ გაზგასამართი სადგური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს სულხან პაპაშვილს ეკუთვნის. ის კომპანია "ჯიელჯი გრუპის" 100%-ის მფლობელი  2016 წლიდანაა. მალევე შეიცვალა დირექტორიც. კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი დონაძე, დირექტორის თანამდებობაზე დავით ქუთათელაძემ ჩაანაცვლა. 2018 წლიდან პაპაშვილმა წილის მხოლოდ 60 პროცენტი დაიტოვა. ამ დროისთვის ედუარდ  შევარდნაძის დაცვის უფროსი რამდენიმე ბიზნესკომპანიას, ბინებსა და კერძო სახლებს ფლობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი