საქართველოს ვალი შვიდი მილიარდით იზრდება - ქართული ოცნების ხელისუფლება ეკონომიკის გადარჩენისა და უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი მოქალაქეების დახმარების მოტივით, საგარეო ვალს უკიდურესად დასაშვებ ზომამდე ზრდის. მთავრობის მტკიცებით, ეს ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი და სწორი გზაა, მაგრამ ეკონომისტებს ვალის ხარჯვის მიზნობრიობასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.
დოკუმენტი, რომლითაც მტკიცდება, რომ ქვეყანა ახალ სესხს იღებს, უკვე პარლამენტშია. 2020 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობას მომდევნო ათწლეულების განმავლობაში 30 მილიარდ ლარამდე კრედიტის გასტუმრება მოუწევს. იზრდება როგორც შიდა, ისე საგარეო ვალი. ჯამში ქვეყანა 7 მილიარდი ლარით უფრო მეტ ახალ კრედიტს იღებს, ვიდრე ამას 2020 წლის ბიუჯეტის თავდაპირველი ვერსია ითვალისწინებდა.
ადმინისტრაციული და სახელფასო ხარჯები კი "კორონა ბიუჯეტში" მხოლოდ უმნიშვნელოდ, ჯამში 118 მილიონი ლარით მცირდება. მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე მთავრობამ დამატებით მხოლოდ 1 მლდ 400 მლნ მოიძია.
1.4 მილიარდი ლარი, სულ რომ თანაბრად გაენაწილებინათ საქართველოს ყველა მოქალაქეზე, სამსულიანი ოჯახის დახმარება გამოვიდოდა 1100 ლარი. თანხა ბიუჯეტში იყო და ამ თანხით ისეთი არასწორი სოციალური პოლიტიკა გაატარეს, რომ დღეს, 2,7 მლნ ადამიანი რჩება ყოველგვარი დახმარების გარეშე. შედეგად, მივიღეთ ვალებში ჩაფლული ეკონომიკა, - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.
58%-მდე იზრდება მთლიანი ვალის თანაფარდობა ქვეყნის ეკონომიკასთან - რაც ისტორიული მაქსიმუმია. ეს თანაფარდობა კანონის მიხედვით ქვეყნის ეკონომიკის 60%-ზე ზევით არ უნდა იყოს.
რადგან ხარჯებში მნიშვნელოვანი ეკონომიკა არ გააკეთეს, ამან გამოიწვია, რომ გვჭირდება ბევრი ვალის აღება, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა '- საქართველოს" ექსპერტი ბესო ნამჩავაძე.
უმრავლესობაში აღიარებენ, რომ 2020 წელი ურთულესი იქნება.
რეალურად ქვეყანა იქნება რეცესიაში, ამიტომ დაგეგმილი იქნება მინუს 4%-იანი შემცირებაზე. გვჭირდება დამატებით თანხები იმისთვის, რომ დავაფინანსოთ პროგრამები, რომლებიც ამ ვირუსის პირობებში ადამაინებისთვის გვჭირდება. ბუნებრივია, რომ ეს იწვევს საგარეო ვალის ზრდას, - ამბობს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე.
პარლამენტში ცვლილებების პაკეტის ძირითადი მონახაზითაც ცხადია, რომ უმძიმესი კრიზისის მიუხედავად ქართული ოცნება პირად კომფორტზე უარს არ ამბობს. ხელისუფლების ოპონენტები შიშობენ, კრედიტებს, რომლის გასტუმრება თაობებს მოუწევს, ხელისუფლება ისევ კორუფციული სქემებითა და საკუთარი ახლობლების გასამდიდრებლად გამოიყენებს.
ხელისუფლების ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, 13%-ით დაეცემა მომსახურების სფერო, უმთავრესად ტურიზმის სფეროში კრიზისის გამო. ვალუტის კურსის საპროგონოზო მაჩვენებლად კი მთავრობას 1 დოლარის ღირებულება 3.20 ლარით აქვს დაანგარიშებული.