"აგერა ვარ დამიჭირეთ თუ გინდათ, აქ მოვკვდებით" - ასე მიმართა სალხინოს მონასტერთან შეკრებილ სამართალდამცველებს მამა ათინოგენემ, რომელსაც მონასტრის ტერიტორიაზე არ უშვებენ.
როგორც მეუფე სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირი ამბობს, დღეს ქვეყანაში ხელისუფლება და ეკლესია ერთად ცდილობს საბჭოთა რეჟიმის დამყარებას.
"საბჭოთა კავშირის რეჟიმი მყარდება ქვეყანაში. საერთოდ არ არსებობს ეკლესიური და ქრისტიანული თავისუფლება. დღეს სახელმწიფომ და ეკლესიამ ერთად გადაწყვიტეს ადამიანის თავისუფლების ხელყოფა, ადამიანი, რომელიც თავისუფალია და იძახის, რომ მე ქრისტეში ვარ თავისუფალი და ამხელს რეჟიმს... დღეს ეს ხალხი აქ ვინცაა, ეს პოლიციელები, წმენდენ გზას იმისთვის, რომ აღსრულდეს საბჭოთა კავშირის რეჟიმი. ეს არაა ქრისტიანობა, რასაც ესენი აკეთებენ. ამათ როგორ არ უნდა შეეწინააღმდეგო და როგორ უნდა დაემორჩილო ამათ გამაგებინეთ?! მეუფე მატყუარა უნდა იყოს?! თქვენ ემორჩილებით მატყუარა კაცს, რომელსაც აქვს ეპისკოპოსის ხარისხი მიტაცებული", - ამბობს მამა ათინოგენე.
ცნობისთვის, მეუფე სტეფანეს ბრძანებით, ჩოხოსნებისა და საპოლიციო ძალების გამოყენებით, რამდენიმე დღის წინ, განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტრის ტერიტორია დაატოვებინეს. მას შემდეგ მონასტერთან პროტესტი არ წყდება. სასულიერო პირებისა და მრევლის ნაწილი ითხოვს, სტეფანემ ეპარქია დატოვოს.