"გადმოათრიენ კი არა თავისით გადმოვიდა, შევიდა ჩვეულებრივად, მიჰქონდა სუმკები" - ასე ახსნა და შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის სავადმყოფოში მოთავსების გადაწყვეტილება.
ბეჟან წაქაძე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები არ დარღვეულა მაშინ, როდესაც მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში მოტყუებითა და ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
"პატიმარს ეხლა უთანხმდებიან სად უნდა გადაიყვანონ? რაც არის საჭირო კანონმდებლობის შესაბამისად, განახორციელებენ იმას, საქართველოში არის 10 000 პატიმარი, 10 000 პატიმარი სადაც მოინდომებს ზოგს საირმეში დასჭირდება, ზოგს ჯუმეირაში, დუბაიში, ზოგს სად. არავითარი უფლებები არ დარღვეულა, რა, უნდა შეუთანხმონ სად გადაიყვანონ? თქვენ მაგის "შმოკი" ნახეთ როგორ აკეთებდენ? რისი უფლებები დაირღვა, რა მხრივ? არ უნდა გადაეყვანათ? გადმოათრიენ კი არა თავისით გადმოვიდა, შევიდა ჩვეულებრივად მიჰქონდა "სუმკები". რა თქვა სააკაშვილმა დოკუმენტი მანახეთ, სახალხო დამცველიც ისეთი იცით...", - ამბობს ბეჟან წაქაძე.
"ოცნების" კიდევ ერთი დეპუტატი, რიმა ბერაძე ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს აფიქსირებს. ერთი მხრივ ის ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის იძულების შესახებ სახლახო დამცველის განცხადების სჯერა და მას ენდობა. თუმცა, ამავდროულად იმეორებს პარტიის ლიდერის, ირაკლი კობახიძის მესიჯს, რომ "შუმოკითა" და შეურაცხმყოფელი სიტყვებით პატიმრებმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ საკუთარი პოზიცია გამოხატეს.
"სახალხო დამცველს ვენდობი, როგორ არ ვენდობი, ერთი წუთით დაველოდოთ პროცესებს, ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. სახალხო დამცველმა თქვა მხოლოდ მისი ინფორმაციის საფუძველზე. მისი ინფორმაციის საფუძველზე, როცა იგი შეხვდა პატიმარ სააკაშვილს. პატიმრებმა გამოხატეს დამოკიდებულება მისი პიროვნებისადმი", - ამბობს რიმა ბერაძე.
ამავე თემაზე:
"ჩვენ რა შუაში ვართ, კაცო?!" | კობახიძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ პატიმრების აგრესიაზე