"აპირებენ ნიკა მელიასთვის პროვოკაციების მოწყობას და მის დაპატიმრებას" | გოგა ონიანის წერილი იზოლატორიდან

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგა ონიანი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილს ავრცელებს და სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ნიკა მელიასთვის პროვოკაციის მოწყობასა და მის დაკავებას აპირებენ.

გოგა ონიანი დღეს, 10 ნოემბერს, სუს-თან მიმდინარე აქციაზე დააკავეს, ის საზოგადოებას აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი პირების, მათ შორის ჩემი უკანონო დაკავებები ცხადყოფს მათ აგონიაში ყოფნას და იმ ბოლო წუთებს, რომლებსაც ითვლიან, თუმცა უფრო მთავარია ის ინფორმაცია, რომელიც ძალიან სანდო წყაროსგან მივიღე.

აპირებენ ნიკა მელიასთვის პროვოკაციების მოწყობას და მის დაპატიმრებას. ფიქრობენ, რომ ამით შეაჩერებენ იმ მუხტს, ბრაზს და აქტივობებს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.

მივმართავ ყველა აქტივისტს და უბრალოდ ქვეყნის პატრიოტს არ დაუშვათ ზემოაღნიშნული და გავაასმაგოთ მიხეილ სააკაშვილის და ქვეყნის მომავლის გადარჩენისთვის ბრძოლა. უახლოეს მომავალში შემოგიერთდებით", - წერს გოგა ონიანი.

ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, სუს-სთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, და იუსტიციის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ერთი საათის განმავლობაში სამართალდამცველებმა ჯამში 46 ადამიანი დააკავა, მათ შორის არიან, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები.

აქციაზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და მიტაცებული არჩევნების დაბრუნებას მოითხოვდნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი