სურსათის ფასებმა 15%-ით მოიმატა - ქვეყანაში ინფლაციის სარეკორდო მაჩვენებელი ფიქსირდება

გამოქვეყნდა:

ინფლაციის ახალი რეკორდი - მაისის თვეში სამომხმარებლო ფასები 6,5%-ით გაიზარდა. გასულ წელთან შედარებით, საშუალოდ, 15%-ით გაძვირდა სურსათი, რაც ყველაზე მძიმედ მოსახლეობის უღარიბეს ფენას დააწვა. 

საქსტატის ინფორმაციით, ხილის ფასი წინა წელთან შედარებით 47%-ით არის გაზრდილი, რძის ნაწარმი და კვერცხი გაძვირებულია 25-%-ით, თევზეულის ფასი მომატებულია 17.1%-ით, ხორცპროდუქტები 13.5%-ით, შაქარი და სხვა ტკბილეული კი 14.5%-ით. 

მოსახლეობაც ადასტურებს, რომ სურსათის ფასების ზრდა მათთვისაც შესამჩნევია და აღნიშნავენ, რომ სიტუაციის გაუმჯობესების იმედი არ აქვთ. 

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ფასების ასეთი ზრდა მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ბრალია და ასევე იმ პოლიტიკის, რომელიც ქართულმა ოცნებამ კოვიდ 19-ის პირობებში გაატარა. მათი თქმით, გამოსავალი ეკონომიკის სტიმულირებაშია, კერძოდ გადასახადების დაწევის გზით. 

მთავარი მიზეზი, რაც ხდება ლარის გაუფასურების და ფასების ზრდის სახით, არის კორუფციული ბიუჯეტი, ფულის ფლანგვა სხვადასხვა პროექტებში, რომლებიც იკარგება; უამრავი ბიუროკრატიული ხარჯი; ასევე ეროვნული ბანკის დაგვიანებული რეაგირება პროცესებზე. დამნაშავე არის მთავრობა და პასუხს აგებს ასევე ეროვნული ბანკი, - ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე

მმართველ გუნდში კი ფასების მატებას მხოლოდ კოვიდ 19-ის ფაქტორს უკავშირებს. 

კორონამ შეცვალა ყველაფერი და ზიანი მიაყენა არა მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობას, არამედ ეკონომიკას, გლობალურად, მსოფლიო მასშტაბით. რა თქმა უნდა, ეს შეეხო ჩვენს ქვეყანასაც, - ამბობს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე

ხუნდაძე მოსახლეობას პირდება, რომ მთავრობა არსებული სოციალური დახმარების პროექტების საშუალებით ხალხის სიღარიბისგან დაცვას ეცდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი