საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული თურქეთის მოქალაქეები - საქმე შესაძლოა ტერორიზმთან იყოს კავშირში

გამოქვეყნდა:

სპეცოპერაცია ბათუმში - თურქეთის მოქალაქეების საქმე, რომლებიც საზღვრის უკანონო კვეთისთვის დააკავეს, შესაძლოა ტერორიზმთან იყოს კავშირში. დაკავებულები ამბობენ, რომ მათ საკუთარ ქვეყანაში ზოგიერთ ტერორისტულ დაჯგუფებასთან პრობლემები ჰქონდათ, რის გამოც სამშობლოდან გამოქცევა მოუწიათ. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმემ კონკრეტული ფაქტიც დაასახელა. 

საქართველო-თურქეთის საზღვარი ბრალდებულებმა 2019 წლის ბოლოს, სხვადასხვა დროს გადმოკვეთეს. ისინი ძირითადად ბათუმში დასახლდნენ. დაკავებულთა თქმით, საზღვრის უკანონო კვეთის მიუხედავად, დროებითი საცხოვრებლის მეპატრონეებთან ქირავნობის ოფიციალური ხელშეკრულებები გააფორმეს. ბრალდებულების ინფორმაციით, საეჭვო მოძრაობები მათ გარშემო საქართველოშიც გრძელდებოდა. 

ერთ-ერთი ბინიდან, რომელიც თურქეთის მოქალაქეებს ჰქონდათ ნაქირავები, სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს. ბინის მეპატრონე რუსლან რუსიძე ამბობს, რომ უცხოელებს საცხოვრებელი რამდენიმე თვის წინ მიაქირავა და საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. 

კოტეჯი, სადაც თურქეთის მოქალაქეები დააკავეს, სუს-ის მოქმედ თანამშრომელს ეკუთვნის. არსებული ინფორმაციით, ბადრი კაკაბაძისგან საცხოვრებელი იმ ბრალდებულს ჰქონდა ნაქირავები, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად არის ჩამოსული. კაკაბაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, როგორც აღმოჩნდა, მას მეზობლებიც იშვიათად ხედავენ. 

თურქეთის ცხრავე მოქალაქეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მხოლოდ საზღვრის უკანონო კვეთისთვის შეუფარდეს. პროკურორის თქმით, იარაღის კუთვნილება ამ დრომდე დადგენილი არ არის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი