ქვეყანაში 200 ათასი ბავშვი სიღარიბეში იზრდება - თბილისის მერია კი საბავშვო ატრაქციონებში მილიონებს ხარჯავს

გამოქვეყნდა:

ფულის არაადეკვატური ხარჯვა გრძელდება - ქართული ოცნების ხელისუფლება პანდემიის პირობებში ორ მილიონზე მეტს საბავშვო ატრაქციონებზე ხარჯავს. ამ დროს კი გაეროს ბავშვთა ფონდის კვლევა ამტკიცებს, რომ საქართველოში 200 ათასი ბავშვი სიღარიბეში იზრდება, 77 ათასი ბავშვი კი შიმშილობს.

არაეფექტური ხარჯვის ლიდერი თბილისის მერია. პანდემიის პერიოდში თბილისის  ბიუჯეტიდან  1 459 440 ლარი ატრაქციონების მოსაწყობად გამოიყო. დოკუმენტებით ასევე დგინდება, რომ ერთსა და იმავე კატეგორიაზე ტენდერი რამდენჯერმე გამოცხადდა და ზოგიერთმა კომპანიამ არაკონკურენტულ გარემოში გაიმარჯვა. 

"შეაჩერე კორუფციის" აღმასრულებელმა დირექტორმა ქეთევან ენუქიძემ სატენდერო დოკუმენტაცია შეისწალა, სადაც არაერთი დარღვევა აღმოაჩინა.

პირველ რიგში ეს არის მორგებული ტენდერის შთაბეჭდილება, რომელიც გვექმნება ჩვენ, მკვლევარ ორგანიზაციებს, იმიტომ, რომ როდესაც არის ტექნიკური პარამეტრები ასე ზედმიწევნით მითითებული, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვა, რისთვის კეთდება ეს. და არამარტო ეს არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი, საყურადღებოა, რომ თანხის დაზოგვა არ ხდება. ამ ეტაპზე ამ ტიპის შესყიდვების განხორციელება მიზანშეწონილი არ არის, - ამბობს ქეთევან ენუქიძე

დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ თბილისის მერია კახი კალაძესთან დაკავშირებულ კომპანიას „გრინსერვის +"ის დიდძალ თანხებს უხდისამ კომპანიამ 2020 წელს ატრაქციონებისა და სკვერების მოსაწყობად უკვე 2 255 525 ლარი მიიღო. საჭირო ინვენტარი მას საქართველოში  იტალიიდან და დანიიდან შემოაქვს. ამ კომპანიის ანგარიშზეა ჯერ კიდევ  შეუსრულებელი ტენდერი - მან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეასრულოს.

ქალაქ თბილისის მერიამ 22 აპრილს კიდევ ერთხელ გამოცხადა ორგზის გაურკვეველი მიზეზით ჩაშლილი ტენდერი, ღირებულებით 347 500 ლარი, რომელშიც შპს „გრინსერვის+“-მა გაიმარჯვა. 

პანდემიის დროს  თბილისის მერია  აქტიურად აცხადებს ტენდერებს. 300 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი ისნის რაიონის ტერიტორიაზე საბავშო ატრაქციონების განთავსებას ითვალისწინებდა. ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან ერთერთი და შემდეგში გამარჯვებული, შპს "ჯეო პარკი" იყო, რომელიც მანამდე კონკურენტის  გარეშე მონაწილეობდა მერიის მიერ გაურკვეველი მიზეზით შეწყვეტილ ტენდერში  და დოკუმენტაციის ხარვეზის გამო დისკვალიფიცირდა. 

საქართველოში ყოველი მესამე ანუ 200  000 ბავშვი სიღარიბეში იზრდება. ოჯახების სოციალური  სოციალური მდგომარება კორონა კრიზისმა კიდევ უფრო დაამძიმა. ამ დროს კი თბილისის მერია გარე ატრაქციონების მოსაწყობად თანხებს არ ზოგავს და ხალხის ფულს სახელმწიფოსთან დაახლოებულ კომპანიებს უხდის.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი